თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს.
"უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.
ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ."- თქვა მიქანაძემ.
ივანიშვილის განათლების მინისტრმა ასევე დასძინა, რომ არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება და ასევე არ შემცირდება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები.
"სანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით მინისტრი ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო, საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.
დამატებით, შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები, უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევით საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
ჩვენი მიზანია განათლების სისტემაში გამჭვირვალე, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები, ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ." - განაცხადა მიქანაძემ.





