ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან I, VII და X კლასის მოსწავლეებს რამდენიმე საგანში უკვე ახალი წიგნები დახვდებათ.
"1-ელი კლასიდან დაწყებული, დავიწყეთ სახელმძღვანელოების ამოცვლა. წელს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი წიგნები: ქართულში; ისტორიაში; გეოგრაფიაში; ქიმიაში; ბიოლოგიაში; ფიზიკასა და მათემატიკაში". - თქვა მიქანაძემ.
მიქანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებს ჩანთით მძიმე წიგნების ტარება არ მოუწიოთ, ზოგიერთი სახელმძღვანელო სემესტრულად, რამდენიმე ნაწილად გამოიცემა.
"ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. ამიტომ, უარს ვამბობთ სქელტანიან წიგნებზე და შემოგვაქვს ახალი პრინციპი და სემესტრულ სახელმძღვანელოებზე გადავდივართ. ზოგი წიგნი 3 და 4 ნაწილად დაიბეჭდება იმისთვის, რომ მოსწავლეების ჩანთები შევამსუბუქოთ". - ამბობს მიქანაძე.
გასულ წელს მიქანაძემ თქვა, რომ კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში ყველა წიგნი შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან.




