კობახიძის განათლების რეფორმა

სამუშია: გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება

თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით გივი მიქანაძესთან "დაახლოებით 5-საათიან" შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა შეჯერდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

6 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები შესაძლო გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის განათლების მინისტრს შეხვდნენ.

"შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი - თსუ-ს მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს უნივერსიტეტს, ასევე მის არჩევით ორგანოებს, მხედველობაში მაქვს სენატი. რა თქმა უნდა, გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია, ერთი რამ რაზეც ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ შევჯერდით არის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად, როგორც თსუ-მ, ასევე სტუ-მ და სამინისტრომ ერთობლივად მოამზადოს უკვე ის თავისი ხედვები, რომლებიც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. ყოველი შემთხვევისთვის, დღეს ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შესახვედრები შესაძლებელია უკვე მომავალ კვირასაც გაგრძელდეს, ამაზე იყო მინისტრის პოზიციაც და მე ძალიან მიხარია, რომ იგივე მინისტრი...." - ამბობს თსუ-ს რექტორი. 

ჯაბა სამუშიას თქმით, შეხვედრების შემდეგ თანამშრომლობის ფორმაზე საუბარი შესაძლებელი იქნება.

"აქ საუბარია იმაზე, რომ შეხვედრები უნდა წარიმართოს, რათა აღნიშნული პროცესი წარიმართოს აკადემიურ სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფორმაციების გაცვლა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მოხდება შეხვედრები, ჩვენ უკვე შეგვეძლება კონკრეტულად ვისაუბროთ ფორმაზე შემდგომი თანამშრომლობის. მთავარი, რაც მინდა გითხრათ არის, რომ სამინისტროც არის მოწოდებული რომ ასეთი შეხვედრა გაიმართოს, საკმაოდ საქმიან ფორმატში, სადაც იქნებიან უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვისაუბრებთ ტექნიკურ დეტალებზე და ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, როგორ წარიმართება ზოგადად ეს პროცესი." - ამბობს სამუშია შეხვედრის შემდეგ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე 29 იავარს განაცხადა. 

მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს". 

კომენტარები