ხალხის ნებაა, გადაიხედოს ევროკავშირისკენ სწრაფვა – რეჟიმის სატელიტები

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

ივანიშვილის სატელიტი პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა".

განცხადების თანახმად, ერთიანი ნეიტრალური საქართველო მზადაა, ოცნებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დაამტკიცოს "დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ".

"ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და ჩვენდა საუბედუროდ, კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული?

დღეს უკვე ქართული საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლებში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, დაბრძენდა და შედგა, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების ჭეშმარიტი მფლობელი, ღიად სვამს შეკითხვას - უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია და ახალ მსოფლიო რეალობაში, რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, დეგრადაციის ბოლო ფაზაში მყოფი ევროკავშირისკენ სვლა?

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საზოგადოებიდან წამოსული ეს შეკითხვა მეტადრე რიტორიკულია, რამეთუ ჩვენმა ხალხმა კარგად გააანალიზა, რომ დღევანდელი ევროპა - ეს არის აბსოლუტურად საპირისპირო, ანტიპოდური ცნება და ფიზიკური მოცემულობა იმ სივრცისა, საითაც ჩვენ ვისწრაფვოდით. საზოგადოებამ ეს გაიაზრა და ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას.

დღევანდელი ევროპის მიმართ ჩვენ, ქართველ ხალხს, სასაყვედურო ბევრი გვაქვს, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, თუ როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე.

ამ წერილში დეტალურად აღარ ჩამოვთვლით იმ ფაქტებს, თუ რამდენი დაუშავა არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე "დიპ სტეიტის" მიერ მართულმა ევროკავშირმა საქართველოს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს თითოეული ქმედება - დაწყებული რევოლუციების დაფინანსებიდან, დამთავრებული უსამართლო სანქციებითა და გამუდმებული მუქარით ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მხოლოდ გასული 4 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის პროვოცირებული და კარგად ორგანიზებული ომის დაწყების შემდეგ, იმდენად დიდი იყო "დიპ სტეიტის" სურვილი საქართველოს ომში ჩათრევის, ხოლო ამ სურვილის რეალიზებაში იმდენად აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი თავისი ბიუროკრატიული მექანიზმით, რომ თუ ომამდე საქართველოში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე კითხვის დასმაც კი ცუდ ტონად მიიჩნეოდა, დღეს აგენტურით მართული ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება.

ცხადია, ამ ფონზე სერიოზული კითხვები გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან: როდემდე აპირებს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული?! ვარწმუნებთ "ქართულ ოცნებას", რომ ამ საკითხის მიჩქმალვას დიდხანს ვეღარ მოახერხებს, რამეთუ ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა.

ბოლოს კი მივმართავთ ტელეკომპანია "იმედს" და "რუსთავი 2"-ს, რომელთაც პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თავიანთ არხებზე დებატების სივრცის გახსნისათვის და მოვუწოდებთ ორივე მაუწყებელს - უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია.

მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ". - ნათქვამია განცხადებაში.

2025 წლის ზაფხულიდან რეჟიმის სატელიტი პარტია ღიად ალაპარაკდა რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს. მათ არაერთი განცხადება გაავრცელეს, სადაც ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ქვეყნის ევროკავშირში გაწერვიანებაზე.

2025 წლის 11 ოქტომბერს მათ ასევე მოითხოვეს, რეფერენდუმის ჩატარებას - სურთ თუ არა მოქალაქეებს ევროკავშირი.

ცნობისთვის, ქართული ოცნების რეჟიმის სპიკერებმა -  ვატო შაქარიშვილმა, ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა - ერთიანი ნეიტრალური საქართველო 2024 წლის 10 ივლისს დააფუძნეს. 2025 წლის ოქტომბერში კი განაცხადეს, რომ პარტიად რეგისტრირდებიან.

რეჟიმმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებებისა და საჯარო მოწოდებების შემდეგ. მაგალითად, 2025 წლის 18 იანვარს ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ განცხადება გააკეთა და ქართულ ოცნებას "ჯაშუშების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების" თხოვნით მიმართა.

პროკურატურამ 8 თებერვალს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე "საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე" გამოძიება დაიწყო.

17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდიფროსფერითიფონდი ერთმანეთისთვის 24/7სირცხვილიათბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

10 ივნისს, მორიგი განცხადებითერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ "კანონის გამკაცრებით სასამართლო სხდომებზე წესრიგის დამყარება" მოითხოვა.

26 ივნისს, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი და სასამართლოს ტერიტორიაზე და პროცესებზე ფოტო/ვიდეოგადაღება სრულიად აკრძალა.

კომენტარები