რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ აშშ-მ ტრამპის განკარგულებით რუსეთის მახლობლად ბირთვული წყალქვეშა ნავები განათავსა და თქვა, რომ ისინი რუსულმა მხარემ "ჯერ ისევ ვერ იპოვა". მისივე თქმით, ტრამპს "რამდენიმე ნავის გაგზავნა უნდოდა სადღაც".
ამის შესახებ მედვედევმა რუსული სამთავრობო მედიისთვის, ТАСС-ისთვის, Reuters-ისთვისა და პროექტ Wargonzo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპის მართვის მეთოდებსა და სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტებზე საუბრისას ილაპარაკა.
"ის არის ადამიანი, რომელიც მართვის სრულად ახალ საშუალებებს ნერგავს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით მართავს, Truth-ის საშუალებით და, შესაძლოა, X-ის საშუალებით, არ ვიცი... ანუ, ფაქტობრივად ყოველი მისი პოსტი არსებითად სამმართველო გზავნილია. შეიძლება ირონიით ვთქვათ, რომ რაღაც გაუთვლელია ან ემოციურია და ეს ალბათ ასეცაა - რამდენიმე ნავის გაგზავნა უნდოდა სადღაც, ისინი ჯერ ისევ ვერ ვიპოვეთ. თუმცა, მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ". - თქვა მედვედევმა.
მედვედევმა ასევე თქვა, რომ ტრამპი ემოციური ადამიანია, თუმცა "აშკარაა", რომ მისი ქაოტური ქმედებების მიღმა გაცნობიერებული და საკმაოდ კომპეტენტური ხაზი იმალება. მისივე თქმით, ტრამპი მოქმედებს, როგორც ყოფილი ბიზნესმენი, მხარეებს აშინებს და განზე დგება, სხვები კი მისი პირობების ნახევარს თანხმდებიან. მედვედევმა თქვა, რომ "ეს საკმაოდ ეფექტურიც არის" გაერთიანებული სამეფოს, ევროპის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში.
"ის ემოციური ადამიანია, თუმცა, მეორე მხრივ, ქაოსი, რომელზეც მიღებულია საუბარი, რომელსაც მისი ქმედებები ქმნის, ეს მთლად ასეთი არ არის, აშკარაა, რომ მის მიღმა სრულად გაცნობიერებული და საკმაოდ კომპეტენტური ხაზი იმალება.
როგორც ყოფილი ბიზნესმენი - ხოლო ყოფილი ბიზნესმენები არ არსებობენ, როგორც სხვა ზოგიერთი ყოფილი მუშაკები - როგორც ყოფილი ბიზნესმენი, ის ყოველთვის უცერემონიოდ მოქმედებს: "მე თქვენ დაგაშინებთ, შემდეგ განზე დავდგები, თქვენ კი ჩემი პირობების ნახევარს დათანხმდებით". ეს საკმაოდ ეფექტურიც არის როგორც, მაგალითად, ბრიტანეთის, ისევე სხვა ევროპული ქვეყნებისა და სხვა უამრავი ქვეყნის მიმართ. ამიტომ, მისი მართვის მეთოდი ორიგინალურია, მაგრამ აშკარაა, რომ ის რაღაცაში ეფექტიანია". - თქვა მედვედევმა
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" მისცა. მოგვიანებით მან "რუსეთთან უფრო ახლოს" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის გაგზავნაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ექსპრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის მუქარის შემდეგ "შესაბამის რეგიონში" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების გადაწყვეტილება ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.





