ფასების შემსწავლელი კომისია

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა – ავერსის დამფუძნებელი

ფარმაცევტული კომპანია ავერსის დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე ივანიშვილის პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც მედიკამენტების გაიაფების შესაძლებლობასთან დაკავშირებით წინადადებებს წარადგენენ. 

კურტანიძის განცხადებით, კმაყოფილია, რადგან "ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა". 

"ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს, მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. თუ ვერ შეიძინა ადამიანმა ბიზნესიც არ გექნება. [...]

შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე, იმით რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს". - განაცხადა კურტანიძემ. 

ცნობისთვის, 28 იანვარს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის" სხდომაზე 25 ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

26 იანავრს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომაზე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.

23 იანვარს კი შეხვედრა გამართა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები