ფასების შემსწავლელი კომისია

უფლება არ გვაქვს, რეგულირებად ფასზე ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი - კოკიაშვილი

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ილონა კოკიაშვილი
ინტერპრესნიუსი

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. 

შეხვედრის დაწყებამდე ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა თქვა, რომ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად ზრდა ვერ მოხდება, რადგან გარკვეული წამლების ღირებულებას სახელმწიფო ისედაც არეგულირებს. 

კოკიაშვილის თქმით, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების რეგულირება მომავალშიც არის დაგეგმილი. 

"ფასები არის რეგულირებადი უმეტეს მედიკამენტზე, რომელიც ქრონიკული პაციენტებისთვის არის დანიშნული. უბრალოდ, არის რაღაც ლუფტი მედიკამენტების დარჩენილი, რომელიც ისედაც, გეგმიურად უნდა შესულიყო რეფერენტულ რეგულირებაში. სავარაუდოდ, ამაზე იქნება საუბარი. რა შუაშია ხელოვნური [ზრდა ფასების]? როდესაც ფასი არის რეგულირებადი, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ერთი თეთრითაც, ამ რეგულირებად ფასზე უფრო ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი". - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, 26 იანავრს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომაზე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.

23 იანვარს კი შეხვედრა გამართა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები