საქართველო-რუსეთი

მედია: საქართველოში რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის ანულირებული მოთხოვნით დააკავეს

მიხაილ ტიმოფეევი

BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, რომ რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხაილ ტიმოფეევი ინტერპოლის ანულირებული მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

მიხაილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ექსგუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო. ფურგალი რუსეთში მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს.

საქართველოს პროკურატურამ ტიმოფეევი დააკავა 2024 წლის 29 აპრილით დათარიღებული ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე. დაკავებულის ადვოკატმა წარმოადგინა ინფორმაცია, რომ ინტერპოლმა ცირკულარი 2025 წლის სექტემბერში გააუქმა და რუსეთის მხარის ბრალდებები არამოტივირებულად ცნო. ამის მიუხედავად, სასამართლომ ტიმოფეევის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი თვით განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

ტიმოფეევი ინტერპოლის რუსეთის მიერ ძებნილთა ბაზაში მართლაც არ იძებნება.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ინტერპოლის მოთხოვნა საბოლოოდ უარყოფილი იქნა, როგორც ორგანიზაციის რეგლამენტთან შეუთავსებელი, თუმცა სასამართლო და პროკურატურა აგრძელებენ მოქმედებას ძალადაკარგული დოკუმენტის საფუძველზე." - თქვა ტიმოფეევის ადვოკატმა BBC-ის რუსულენოვან სამსახურთან.

ადვოკატის თქმით, ტიმოფეევი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და აქვს სხვადასხვა დაავადებები.

25 იანვარს რუსულენოვან ტელეგრამ არხ Tbilisi Life-ზე გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოში მიხაილ ტიმოფეევი დააკავეს და მას შესაძლო ექსტრადირება ემუქრება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი მაღალჩინოსანი 23 იანვარს დააკავეს. დროგორც რუსულენოვანმა მედია Tbili Life-მა ხაზი გაუსვა, ტიმოფეევი დააკავეს მოსკოვის ინტერპოლის ბიუროს წერილის საფუძველზე. ფაქტს, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარი გაუქმებული იყო, ხაზი გაუსვა ამ ტელეგრამ არხმაც.

ხაბაროვსკში ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, დაკავებას 2020-2021 წლებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2023 წელს რუსეთში ტიმოფეევი დაუსწრებლად დააკავეს 2004-2005 წლებში ხაბაროვსკელი მეწარმეების მკვლელობის საქმეზე. მას თავისუფლების 22 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, ტიმოფეევი შედიოდა ორგანიზებულ ჯგუფში, რომელიც ფურგალმა ბიზნეს-კონკურენტების დახოცვის მიზნით შექმნა.

ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში 2024 წლის 28 მარტს ჩამოვიდა და რუსეთში პოლიტიკური დევნის საბაბით თავშესაფარი მოითხოვა. 2024 წლის 27 დეკემბერს ტიმოფეევმა თავშესაფრის მიღებაზე უარი მიიღო. მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

სხვადასხვა რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ტიმოფეევის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკური ხასიათის იყო. ამავე საქმის დანარჩენ ფიგურანტებს პატიმრობა 20-30-წლიანი ვადებით შეუფარდეს.

კომენტარები