აშშ-ვენესუელა

"გადაწყვეტილების მისაღებად 15 წუთი მოგვცეს" – ვენესუელის ახალი ლიდერი გავრცელებულ ვიდეოში

დელსი როდრიგესი
Leonardo Fernandez Viloria/Reuters

ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ აშშ-მ გადაწყვეტილების მისაღებად 15 წუთი მოგვცა, "ან დაგვემორჩილეთ, ან მოგკლავთ" - ამბობს ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი გაჟონილ ვიდეოში, რომელიც ვენესუელის რეჟიმის მომხრე ცნობილი სახეებისა და ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრის შეხვედრას ასახავს.

შეხვედრა მადუროს დაკავებიდან 7 დღეში გაიმართა და მისი მიზანი რეჟიმის ახალი ნარატივის შემუშავება იყო.

თითქმის 2-საათიან შეხვედრაზე როდრიგესი მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში დისტანციურად ერთვება და ამბობს, რომ მადუროს დაკავების შემდეგ აშშ-ს წარმომადგენლები მას, მის ძმას, ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ჯორჯ როდრიგესსა და ქვეყნის შს მინისტრს დიოსდადო კაბელიოს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მადურო და მისი მეუღლე აშშ-ს ძალებმა მოკლეს და თუ ისინი ვაშინგტონის მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, იმავე ბედს გაიზიარებდნენ. როდრიგესი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მათ 15 წუთი მისცეს.

"მუქარა და შანტაჟი მუდმივია, და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მოთმინებითა და სტრატეგიული წინდახედულობით, ძალიან მკაფიო მიზნებით, ძმებო და დებო, მშვიდობის შესანარჩუნებლად... ჩვენი მძევლების გადასარჩენად... და პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად" - ამბობს როდრიგესი ჩანაწერში.

კომენტარები