რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს მხარესთან შეხვედრის შემდეგ კრემლი აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხი მოსაგვარებელია

Sputnik/Alexander Kazakov/Pool via REUTERS

მოსკოვში ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ-სთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები 23 იანვარს აბუ-დაბიში გაგრძელდება, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ ტერიტორიული საკითხები არ მოგვარდება. 

ცნობისთვის, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრების შემდეგ მოსკოვისკენ გაემგზავრნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ შეხვედრა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა და "შინაარსიანი, კონსტრუქციული და ძალიან გულწრფელი" იყო.

უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივ მოლაპარაკებებზე მოსკოვის დელეგაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს, ხოლო პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ეკონომიკურ საკითხებზე ცალკე შეხვედრას გამართავს.

"ყველაზე მნიშვნელოვნად, ჩვენ პრეზიდენტსა და ამერიკელებს შორის ამ მოლაპარაკებების დროს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის თანახმად ტერიტორიული საკითხის გადაჭრის გარეშე არ არსებობს გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის იმედი." - განაცხადა უშაკოვმა. 

უშაკოვის მიხედვით, პუტინმა შეხვედრის დროს თქვა, რომ რუსეთს "გულწრფელად აინტერესებს" ომის დიპლომატიური გზით მოგვარება. 

თუმცა, პუტინის თანაშემწემ დაამატა, რომ "სანამ ეს არ იქნება მიღწეული, რუსეთი გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას."

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პირობებზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა, დაამატა, რომ ტერიტორიული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება. 

თავის მხრივ, ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრას "კარგი" უწოდა და კითხვაზე, თუ რა გზავნილი აქვს პუტინისთვის, უპასუხა, რომ "ომი უნდა დასრულდეს". მოგვიანებით, რეპორტიორებთან საუბრისას, კითხვაზე, თუ რა უთხრა მას ზელენსკიმ შეხვედრაზე, ტრამპმა თქვა, რომ "მას [ზელენსკის] შეთანხმების დადება სურს. ჩვენ განვიხილავთ საკითხებს, რომლებზეც დისკუსიები 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს."

კომენტარები