ტრამპის საგარეო პოლიტიკა

Bloomberg: მაკრონი აპირებს, უარი თქვას "მშვიდობის საბჭოში" ტრამპის მიწვევაზე

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ მაკრონი აპირებს, უარი თქვას ღაზისთვის შექმნილი "მშვიდობის საბჭოს" წევრობის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევაზე.

წყაროს თქმით, მაკრონს სჯერა, რომ საბჭო შინაარსით ღაზის საკითხს სცდება და აჩენს სერიოზულ საფრთხეს, განსაკუთრებით გაეროს პრინციპებისა და ინსტიტუციური ჩარჩოს მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, 17 იანვარს, თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოსწევრების ნაწილი დაასახელა.

დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.

დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებისთვის 60 ქვეყანა მიიწვია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს წევრებად ტრამპმა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მიიწვია. 

Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.

კომენტარები