გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი მიმდინარე კვირაში დავოსისკენ გაემგზავრება და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად აშშ-ს დელეგაციის წევრებთან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ Reuters-ს ორმა ანონიმურმა წყარომ აცნობა.
ცნობისთვის, 18 იანვარს უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, რომელიც მოლაპარაკებებზე უკრაინულ მხარეს უძღვება, განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დამთავრებაზე აშშ-ს მაღალჩინოსნებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დავოსში გაგრძელდებოდა.
დავოსის ყოველწლიურ ფორუმს პირადად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის დელეგაციასთან ერთად დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ტრამპმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას არა მოსკოვი, არამედ კიევი უშლის ხელს.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის დაასრულოს უკრაინაში მის მიერ დაწყებული ომი, რომელიც უკვე თითქმის ოთხი წელია გრძელდება. ხოლო ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უფრო თავშეკავებულია.
"ვფიქრობ, ის მზად არის შეთანხმებისთვის" - თქვა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტზე. "ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად შეთანხმებისთვის" - დაამატა მან.
კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა ზელენსკის მომავალ კვირას შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ტრამპმა თქვა, რომ შეხვდებოდა, თუმცა მიანიშნა, რომ კონკრეტული გეგმები ჯერ განსაზღვრული არ იყო. "შევხვდებოდი, თუ ის იქ იქნება. მე იქ ვიქნები" - თქვა ტრამპმა.





