აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ხელს არა მოსკოვი, არამედ კიევი უშლის.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის დაასრულოს უკრაინაში მის მიერ დაწყებული ომი, რომელიც უკვე თითქმის ოთხი წელია გრძელდება. ხოლო ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უფრო თავშეკავებულია.
"ვფიქრობ, ის მზად არის შეთანხმებისთვის" - თქვა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტზე. "ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად შეთანხმებისთვის" - დაამატა მან.
კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა აშშ-ს ხელმძღვანელობით გამართულმა მოლაპარაკებებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, ტრამპმა უპასუხა: "ზელენსკი".
კითხვაზე, რატომ სჯეროდა, რომ ზელენსკი აყოვნებდა მოლაპარაკებებს, ტრამპმა განმარტება არ გააკეთა და მხოლოდ თქვა: "უბრალოდ მგონია, რომ მას, ხომ იცით, იქამდე მისვლა უჭირს".
Reuters აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ტრამპი პუტინის დაპირებების პირდაპირ მისაღებად უფრო იყო მზად, ვიდრე აშშ-ს ზოგიერთი მოკავშირის ლიდერების, რამაც გააღიზიანა კიევი, ევროპული დედაქალაქები და აშშ-ს კანონმდებლები, მათ შორის რესპუბლიკელებიც.
კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა ზელენსკის მომავალ კვირას შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ტრამპმა თქვა, რომ შეხვდებოდა, თუმცა მიანიშნა, რომ კონკრეტული გეგმები ჯერ განსაზღვრული არ იყო. "შევხვდებოდი, თუ ის იქ იქნება. მე იქ ვიქნები" - თქვა ტრამპმა.





