გაეროში აშშ-ს ელჩის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთს ომის სახიფათო ესკალაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები "აბუჩად იგდებს სამშვიდობო ძალისხმევას".
"რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი დიპლომატები EU-სა და უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ, რათა წინ წასულიყო ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებები. პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობის წყალობით, ჩვენ ახლა შეთანხმებასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ომის დაწყების შემდეგ ოდესმე ვყოფილვართ. ამის მიუხედავად, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ უფრო მეტი იერიში მიიტანა, მათ შორის, გაუშვა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი", რითაც მიზანში ამოიღო უკრაინის ის ტერიტორია, რომელიც პოლონეთისა და NATO-ს საზღვართან ახლოსაა. ეს წარმოადგენს ამ ომის კიდევ ერთი სახიფათო და აუხსნელ ესკალაციას.
მაშინაც კი, როცა აშშ გადაუდებლად მუშაობს კიევთან, სხვა პარტნიორებთან და მოსკოვთან ერთად ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაზე, მსოფლიოში მშვიდობისადმი მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან უპრეცედენტო ერთგულები წყალობით შექმნილ მომენტში, ორივე მხარე უნდა ეძებდეს დეესკალაციის გზებს. თუმცა, რუსეთის ქმედება ომის გაფართოებისა და გამწვავების რისკს ქმნის.
თავიდანვე პრეზიდენტი ტრამპი ამ კონფლიქტით გამოწვეულ სისხლისღვრას მკაცრად გმობდა. ჩვენ კვლავ უნდა ვიყოთ კრიტიკულები განსაცვიფრებელი რაოდენობით მსხვერპლის, დაღუპული სამხედრო პირებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების, კაცების, ქალებისა და ბავშვების გამო. ვგმობთ რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტ და გახშირებულ თავდასხმებს. ეს თავდასხმები აბუჩად იგდებს სამშვიდობო ძალისხმევას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსა და პრეზიდენტი ტრამპისთვის.
მსურს, რუსეთის ფედერაციას შევახსენო მისი ხმა გაეროს უშიშროების საბჭოს 2774-ე რეზოლუციის სასარგებლოდ, თითქმის ერთი წლის წინ. ეს რეზოლუცია მოითხოვდა კონფლიქტის სწრაფად დასრულებასა და ხანგრძლივ მშვიდობას. კარგი იქნებოდა, რუსეთს სიტყვები საქმით დაემტკიცებინა. ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, რუსეთმა, უკრაინამ და ევროპამ სერიოზულად უნდა იზრუნონ მშვიდობაზე და ამ კოშმარს ბოლო მოუღონ." - განაცხადა ბრიუსმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.





