აქციები ირანში

ფეზეშქიანი აშშ-სა და ისრაელს "ქაოსის დათესვასა" და "არეულობის" წარმართვაში ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ირანში ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას აშშ და ისრაელი "ქაოსისა და უწესრიგობის დათესვასა" და "არეულობის" წარმართვაში დაადანაშაულა.

ამასთან, ფეზეშქიანის მტკიცებით, ირანელმა ხალხმა "არეულობის მონაწილეებსა და ტერორისტებს" საზოგადოების "არევის" საშუალება არ უნდა მისცეს და "უნდა სწამდეს, რომ" რეჟიმი "სამართლიანობის დამყარებას ცდილობს. 

"ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ არეულობის მონაწილეებმა საზოგადოება არიონ. ხალხს უნდა სწამდეს, რომ ჩვენ [რედ. - ხელისუფლება] სამართლიანობის დამყარებას ვცდილობთ". - თქვა ფეზეშქიანმა ირანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, IRIB-თან საუბრისას.

გარდა ამისა, ირანის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უცხოურ ძალებთან დაკავშირებული ტერორისტები ადამიანებს ხოცავენ, მეჩეთებს წვავენ და საჯარო ქონებაზე თავდასხმას ცდილობენ.

ფეზეშქიანმა მოქალაქეებს ამ "ტერორისტებისგან" დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი. 

10 იანვარს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა რომ უსაფრთხოება "წითელ ხაზს წარმოადგენდა" და არმიამ დაიფიცა, რომ საზოგადოებრივ საკუთრებას დაიცავდა. 

IRGC-ს განცხადებით, 1979 წლის ისლამური რევოლუციის მონაპოვარი და ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება "წითელ ხაზს" წარმოადგენს. არმიამ დაამატა, რომ არსებული ვითარების გაგრძელება მიუღებელი იყო. 

კომენტარები