ირანი

The Times: ირანში პროტესტის ესკალაციის შემთხვევაში ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს

აიათოლა ალი ხამენეი

გამოცემა The Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს, თუ მიმდინარე საპროტესტო ტალღა კონტროლს აღარ დაექვემდებარება. 

წყაროს თქმით, ხამენეი გეგმავს 20-მდე დამხმარესთან და ოჯახის წევრთან ერთად გაქცევას. ამ ვიწრო წრეში შედის მისი შვილი, მოთჯაბა ხამენეი, რომელიც მისი მემკვიდრეა. 

The Times-ის წყაროს თქმით, დაგეგმილია გასაქცევი გზა და ისიც, თუ როგორ გაიტანენ ქონებას. 

ირანში პროტესტი უკვე მეცხრე დღეა რაც გრძელდება. ცნობების მიხედვით, დაღუპულია სულ მცირე 19 დემონსტრანტი და 1 ძალოვანი.

რუსეთში გასული წლის დეკემბერში, მეამბოხეების დაწინაურების ფონზე, გაიქცა სირიის დიქტატორი, ბაშარ ალ-ასადი. ამას გარდა, 2014 წლის ევრომაიდნის მოვლენებისა და ღირსების რევოლუციის შემდეგ რუსეთში გაიქცა უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩიც.


29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.

New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 დეკემბერს ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამად რეზა ფარზინმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

28 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას კრიზისის მასშტაბი აღიარა.

"ამბობენ - 'ხელფასები გაზარდეთ' - საიდან მოვიტანოთ ფული?" - განაცხადა მან. არსებული მდგომარეობა ფეზეშკიანმა წინა მთავრობების, პარლამენტებისა და ოფიციალური პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დააბრალა.

კომენტარები