უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამეს უკრაინის მიერ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მიტანის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება უარყო.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგების ჩასაშლელად, ცრუ ისტორიას იგონებდა.
"ამჟამად რუსეთიდან ძალიან საშიში განცხადებები გაჟღერდა, რომლებიც აშკარად ჩვენი და პრეზიდენტ ტრამპის გუნდების ერთობლივი მუშაობის ყველა შედეგის ჩაშლისკენაა მიმართული. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა მშვიდობა დავაახლოოთ.
ახლა რუსებმა აშკარად ცრუ ისტორია მოიგონეს, რომ თითქოს რუსეთის დიქტატორის რომელიღაც რეზიდენციაზე იერიში მივიტანეთ, რათა უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების გაგრძელებისთვის, მათ შორის კიევზე დარტყმებისთვის, გამართლება ჰქონდეთ. ასევე იმისთვის, რომ უარი თქვან ომის დასრულებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე. ეს არის რუსების ტიპური ცრუ ტაქტიკა. მით უფრო, რომ მათ უკვე მიიტანეს დარტყმები კიევზე, მათ შორის უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაზე.
უკრაინა არ დგამს ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატია დაასუსტოს. ყოველთვის რუსეთი დგამს ასეთ ნაბიჯებს. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი რამიდან, რაც ჩვენ გვასხვავებს.
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და რომ რუსებმა მშვიდობისკენ სვლა არ ჩაშალონ" - დაწერა ზელენსკიმ.





