წარმოგიდგენთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებსაც ქართველმა მკითხველმა წელს უპირატესობა მიანიჭა. სტატია ეყრდნობა წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის მონაცემებს.
წელსაც 2024 წლის მსგავსად, ათეულში მოხვდნენ - ჯორჯ ორუელი, ჯემალ ქარჩხაძე, თემურ ბაბლუანი და რობერტ გრინი.
ქართული ლიტერატურა
5. ჭაბუა ამირეჯიბი - დათა თუთაშხია
დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება ხდება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და მრავალ ეთიკურ პრობლემას ეხება. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში დიდი ხანია ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

4. ნინო ხარატიშვილი - მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან...გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის...

3. კონსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის მარჯვენა
"ისტორიული მასალის პოეტიზირებას მხოლოდ მაშინ აქვს თანადროულობისათვის რეზონე, როცა თვით აღებული ეპოქა, ან მისი გმირნი და მათი ხასიათი ეკორესპონდირება თანადროულობის იდეებს", - წერდა კონსტანტინე გამსახურდია და ეს მის ისტორიულ რომანშიც თვალსაჩინოა.

2. თემურ ბაბლუანი - მზე მთვარე და პურის ყანა
ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, "გამოვლენილი დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლებ...

1. ჯემალ ქარჩხაძე - ზებულონი
"ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა" ჯემალ ქარჩხაძე რომანი "ზებულონი" ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე გაშლილია ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი. ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემულია დაუვიწყარი ხასიათები და წარუშლელი ხატები. უზადო ქართული და დაძაბული თხრობა ლამის შეუსაბამოა წერის საოცრად მსუბუქ მანერასთან, რომელიც რომანს ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მკითხველისათვის.

უცხოური ლიტერატურა
5. რობერტ გრინი – ძალაუფლების 48 კანონი
მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულობით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს. დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას ("არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი"), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას ("დამალეთ თქვენი ზრახვები"), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება ("მტერი ბოლომდე გაანადგურეთ").
მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება. ამის დასტურია ავტორის მიერ მაგალითებად მოყვანილი ფაქტები დედოფალ ელიზაბეთ I-ის, ჰენრი კისინჯერის, პ. ტ. ბარნუმისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ან ფლობდნენ ძალაუფლებას, ან მისი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

4. ხალიდ ჰოსეინი - ფრანით მორბენალი
ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით ,"ფრანით მორბენალი". წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, შთამბეჭდავ რიცხვს, 21 მილიონს მიაღწია.
რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. "1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ვღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება.
თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი. ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, რომანის თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2003 წელს, როდესაც წიგნი გამოვიდა, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობდა. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. ვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ჩვეულებებს. "ფრანით მორბენალი" უაღრესად აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

3. დენიელ კიზი - ყვავილები ელჯერნონისთვის
ჩარლი გორდონს, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა კაცს, ძალიან უნდა, ჭკვიანი იყოს და გამართულად წერა-კითხვა შეეძლოს. განსაკუთრებულად მონდომებულ ჩარლის ექსპერიმენტში რთავენ, რომელიც მანამდე ლაბორატორიის თეთრ თაგვზე, ელჯერნონზე ჩაატარეს. რა მოხდება, თუკი საგანგებო ოპერაცია ჩარლის ინტელექტს მართლაც გააუმჯობესებს?
ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის რომანი, "ყვავილები ელჯერნონისთვის" 1966 წელს გამოიცა და სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ასოციაციისაგან წლის საუკეთესო რომანისათვის დაწესებული ჯილდო, "ნებულა" დაიმსახურა. მას შემდეგ წიგნი მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.
იმ ზღვა ემოციას, რომელიც ამ წიგნს ახლავს, ქართველ მკითხველს თინათინ ხომერიკის შესანიშნავი ქართული თარგმანი განაცდევინებს.

2. ჯორჯ ორუელი - 1984
ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის "1984" დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა "1984"-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს. პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., "უფროსი ძმა", და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ.

1. დელია ოუენსი - იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია "მარშის გოგოს" შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.
დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.

ანოტაციები - sulakauri.ge, biblusi.ge, saba.com.ge





