წარმოგიდგენთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებსაც ქართველმა მკითხველმა მიმდინარე წელს უპირატესობა მიანიჭა. სტატია ეყრდნობა წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის მონაცემებს.
10. ლუსი მოდ მონტგომერი – ენი მწვანე მეზონინებიდან
ენი შირლი, იგივე "ლედი კორდელია ფიცჯერალდი", თერთმეტი წლის წითური, მეოცნებე ობოლია, რომელსაც ევონლელი ფერმერი და-ძმა იშვილებს. ენის გამოჩენა კათბერტების მწვანე მეზონინებიან სახლში დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდება და მის ცხოვრებაში ფათერაკებითა და იმედგაცრუებებით, სიხარულითა და წარმატებით სავსე "ახალი ეპოქა" იწყება.
9. ხალიდ ჰოსეინი – ფრანით მორბენალი
ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით, ფრანით მორბენალი. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. "1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი.
8. ნათია ჯაგოდნიშვილი – შეცდომა
რომანი გვიყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?
7. ჯერომ სელინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები დღემდე მკითხველის რჩეულ წიგნად რჩება. რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. რომანი პირველ პირშია მოთხრობილი და ნათლადაა წარმოჩინებული ჰოლდენის მსოფლმხედველობა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს. არავინ მოსწონს და უყვარს გარდა თავისი პატარა დისა.
6. დათო ტურაშვილი – ჯინსების თაობა
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
5. თათული ღვინიანიძე – აღიარება ხელისგულზე
რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას "ბინძური გზებით" იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას.
4. თემურ ბაბლუანი – მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)
ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, "გამოვლენილი დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
3. თინათინ ბერიძე – მეორე შანსი
სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება. როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა წლების განმავლობაში შურისძიებისთვის ემზადები, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხვერპლს?!
2. თინათინ ბერიძე – მოპარული სიყვარული
ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი.
1. ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი – იკიგაი
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
ანოტაციები – Saba.ge