წიგნები

ვის და რას კითხულობენ ქართველები – 2021 წლის ბესტსელერები

Tabula

წარმოგიდგენთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებსაც ქართველმა მკითხველმა მიმდინარე წელს უპირატესობა მიანიჭა. სტატია ეყრდნობა წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის მონაცემებს.

10. გურამ დოჩანაშვილი – ბრმადყოფილზე და......., სამტომეული

2021 წელს გარდაცვლილი გურამ დოჩანაშვილის უკანასკნელი ნამუშევარი. მწერლის ახალ რომანში გამოყენებულია სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. როგორ გრძელდება თვალახელილის სიცოცხლე, როგორ იყენებს ადამიანი ღვთსგან მონიჭებულ უდიდეს საჩუქარს - სინათლეს... ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება გურამ დოჩანაშვილის სამწიგნეული, რომელიც სახარებისეული სიუჟეტის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ვარიაციას წარმოადგენს.

9. ფრენკ ჰერბერტი – დიუნი, სამტომეული

სამტომეული შედგება ორ ნაწილად გაყოფილი პირველი წიგნისგან და მეორე რომანისგან. არ არსებობს შეფასება, რომელიც ფრენკ ჰერბერტის დიუნისთვის გადაჭარბებული იქნებოდა. წიგნს, რომელმაც ავტორს ნებულას ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. დიუნი არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა. საკულტო - სწორედ ეს სიტყვა ეხამება საუკეთესოდ ფრენკ ჰერბერტის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ ნაწარმოებს.

8. თინათინ ბერიძე – მოპარული სიყვარული

გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის, გახდი ბესტსელერის ავტორის ერთ ერთი გამარჯვებული წიგნი. შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი.

7. მარიამ გურგენიშვილი – მარგალიტები

გახდი ბესტსელერის ავტორის ერთ ერთი გამარჯვებული წიგნი. რომანი 1990­-იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.

6. ჰაიმ ჯ. ჯინოტი – მშობელსა და შვილს შორის

სახელმძღვანელო, რომელიც ფსიქოლოგმა ჰაიმ ჯინოტმა 35 წლის წინ დაწერა მსოფლიო ბესტსელერია, ამ დროისთვის წიგნის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გამოცემული. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.

5. ჯერომ სელინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში

ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური რომანის დიდოსტატის, ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში, მეოცე საუკუნის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული რომანია. როგორც ჩანს, 16 წლის ჰოლდენ კოლფილდის ისტორია ქართველი ახალგაზრდებისთვის დღემდე საინტერესო და აქტუალურია. მოზარდი, რომელიც განიცდის გაუცხოებას, მარტოობას, დაბნეულობას, პროტესტს საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. 

4. თამთა მელაშვილი – შაშვი შაშვი მაყვალი

თამთა მელაშვილის მესამე რომანი, რომლისთვისაც ავტორმა 2021 წლის ლიტერატურული პრემია საბა საუკეთსო რომანის კატეგორიაში მიიღო. შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა. ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია.

3. ჯორდან პეტერსონი – ცხოვრების 12 წესი

კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა, ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ.

2. თემურ ბაბლუანი – მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

1. მარკ მენსონი – ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.

 

კომენტარები