წარმოგიდგენთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებსაც ქართველმა მკითხველმა მიმდინარე წელს უპირატესობა მიანიჭა. სტატია ეყრდნობა წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის მონაცემებს.
ქართული ლიტერატურა
5. დათო ტურაშვილი – ჯინსებს თაობა
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

4. ჯემალ ქარჩხაძე – ზებულონი
"ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა” ჯემალ ქარჩხაძე რომანი “ზებულონი” ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე გაშლილია ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი. ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემულია დაუვიწყარი ხასიათები და წარუშლელი ხატები. უზადო ქართული და დაძაბული თხრობა ლამის შეუსაბამოა წერის საოცრად მსუბუქ მანერასთან, რომელიც რომანს ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მკითხველისათვის.

3. იაკობ გოგებაშვილი – მოთხრობები (ირინე ცინცაძის ილუსტრაციებით)
ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიანურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ - ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მოძიებული, ევროპულ საყმაწვილო თხზულებებში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები - ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ.

2. ნათია ჯაგოდნიშვილი – გადამწვარი ხიდები
"გადამწვარი ხიდები" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!

1. თემურ ბაბლუანი – მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)
ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, "გამოვლენილი დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

უცხოური ლიტერატურა
5. ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი – იკიგაი
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

4. რობერტ გრინი – ძალაუფლების 48 კანონი
მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულობით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს. დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას („არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი""), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას („დამალეთ თქვენი ზრახვები""), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება („მტერი ბოლომდე გაანადგურეთ""). მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება. ამის დასტურია ავტორის მიერ მაგალითებად მოყვანილი ფაქტები დედოფალ ელიზაბეთ I-ის, ჰენრი კისინჯერის, პ. ტ. ბარნუმისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ან ფლობდნენ ძალაუფლებას, ან მისი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

3. ჯეიმს ქლიერი – ატომური ჩვევები
ატომური ჩვევები შეგიცვლით ფიქრებს პროგრესსა და წარმატებაზე და მოგცემთ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს, რომლებიც გჭირდებათ თქვენი ჩვევების გარდაქმნისთვის - არ აქვს მნიშვნელობა გუნდი ხართ რომელიც ცდილობს ჩემპიონატის მოგებას, ორგანიზაცია, რომელიც იმედოვნებს ხელახლა განსაზღვროს ინდუსტრია, თუ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს შეწყვიტოს მოწევა, წონაში დაკლება, სტრესის შემცირება ან სხვა მიზნის მიღწევა.

2. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი – პატარა პრინცი (ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით)
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

1. ჯორჯ ორუელი – 1984
ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს. პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ.

ანოტაციები – Saba.com.ge, Sulakauri.ge, Biblusi.ge





