აშშ-ში, როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 სტუდენტი დაიღუპა, 9 სტუდენტი კი დაშავდა.
ჯერჯერობით, პოლიციას მსროლელი არ დაუკავებია და მასზე ძებნა არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი უცნობია.
უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ქრისტინა პექსტონის თქმით, ცხრავე დაშავებული სტუდენტი იყო. მისივე ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულს საავადმყოფოში უკვე უმკურნალეს და გაწერეს, ხოლო დანარჩენებს შორის ერთი სტაბილურ მდგომარეობაშია, ერთი - კრიტიკულში, ექვსი კი კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ეჭვმიტანილი თავდასხმის შემდეგ შენობიდან გადის, თუმცა ვიდეოში მისი სახე არ ჩანს. პროვიდენსის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ტიმ ო'ჰარამ თქვა, რომ ეჭვმიტანილს შავი ტანსაცმელი ეცვა და შესაძლოა სახის ნიღაბი ეკეთა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ტიპის იარაღი გამოიყენა თავდამსხმელმა.
თავდასხმა 13 დეკემბერს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ბრაუნის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის ერთ-ერთ შენობაში მოხდა, სადაც გამოცდები ტარდებოდა.
ამჟამად უნივერსიტეტის შენობები დაკეტილია. სროლის შემდეგ პოლიციამ კამპუსის შენობებში მყოფ სტუდენტებს მოუწოდა, რომ ადგილზე თავშესაფარი მონახონ, სანამ სამართალდამცავები არ გაიყვანენ. პექსონის თქმით, პოლიცია სტუდენტების ევაკუაციაზე კვლავ მუშაობს.
ამასთან, სამართალდამცავები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ შენობებში დარჩნენ.
ბრაუნის უნივერსიტეტი აშშ-ში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და აივი ლიგაში გაერთიანებულ პრესტიჟულ 8 უნივერსიტეტთაგან ერთ-ერთია.





