ქართული ოცნება

პარლამენტის არსენალის მთაზე გადატანისთვის ოცნებამ ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და 9 სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით, პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282 750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს, მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10 000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. მოკვლევის მიხედვით, თბილისის მერიისთვის 59 900 კვადრატული მეტრის ფართობის, პარლამენტის შენობისთვის კი 31 350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

მოკვლევის მიხედვით, ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:

  • პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²

  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²

  • ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²

  • რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ
    7,600 მ²

  • კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²

  • თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²

  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ
    7,000 მ²

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²

  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.

ინფორმაციისთვის, ამჟამად პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის.

"პროექტის მთავარი მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში.

არსებული ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს ისე, რომ იგი იქცეს ქალაქის განუყოფელ ნაწილად და ხელი შეუწყოს საჯარო და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და ოპტიმიზაციას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ორგანიზებასა და შეუფერხებლად ჩატარებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად,დაგეგმილია "სამთავრობო ქალაქის" გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადება, რომლის საფუძველზეც სამომავლოდ დამუშავდება დეტალური პროექტი.

დავალება გულისხმობს ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს განაშენიანების ფუნქციურ გადანაწილებაზე, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებაზე, ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურასთან სრულფასოვან ინტეგრაციაზე, აგრეთვე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებზე.

დავალების ფარგლებში ასევე უნდა დამუშავდეს დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობების ესკიზური პროექტები და სახელმძღვანელო მითითებები შემდგომში მათი დეტალური პროექტირებისათვის,"- წერია განმარტებით ბარათში.

ბაზრის მოკვლევა 23 დეკემბერს სრულდება.

კომენტარები