ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთს წელს უკვე მეექვსედ ეწვია. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа ამახვილებს ყურადღებას, კირიენკო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ესტუმრა მაშინ, როცა აქ კვლავ დაიძაბა სიტუაცია, ამჯერად რუს პოლიტტექნოლოგებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში რუსი პოლიტტექნოლოგების "ჩარევას".
კირიენკომ სამუშაო ვიზიტი 30 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა იმ ობიექტების დათვალიერება, რომელთა რეკონსტრუქციაც რუსეთის დაფინანსებით მიმდინარეობს. ის შეხვდა მარიონეტ ლიდერ ბადრა გუნბასაც, რათა განეხილათ "აფხაზურ-რუსული ურთიერთობის აქტუალური საკითხები". კირიენკო მონაწილეობდა "კულტურულ ღონისძიებებშიც". ვიზიტის დროს მას ინტერვიუ ჩამოართვეს სეპარატისტების რეჟიმთან დაკავშირებულმა მედიებმაც. კირიენკო, რომელიც 1962 წელს სოხუმში დაიბადა, ინტერვიუში აფხაზეთს სამშობლოს უწოდებს.
ინტერვიუ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მან განიხილა ოკუპირებული რეგიონისა და რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა საკითხები.
რუსეთის ორი მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით
კირიენკომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური განვითარება, რათა რუსეთს მისთვის ფინანსური დახმარების გაწევა აღარ მოუწიოს.
"არსებობს მიზნები. და იმასაც ვაღიარებ, რომ არსებობს დამალული აზრიც. მიზნები ფორმულირებულია ჩვენი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის მიერ. მე მაქვს მის მიერ მოცემული განკარგულება. ჩვენი მიზანია ორი დავალების შესრულება.
პირველი: ჩვენთვის აუცილებელია ხანგრძლივი, სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა აფხაზეთთან, აფხაზ ხალხთან. ძალიან ვისურვებდი, რომ ეს მეგობრობა და პარტნიორობა არ ყოფილიყოს დამოკიდებული მორიგი არჩევნების შედეგებზე, არამედ ყოფილიყოს ფუნდამენტურად გრძელვადიანი და სტრატეგიული.
ჩვენი მეორე მიზანია... და ალბათ აქ არსებობს ფარული აზრი... ჩვენი მეორე მიზანია, რომ აფხაზეთის ეკონომიკა გახდეს მაქსიმალურად თვითმყოფადი, რათა აფხაზეთის ეკონომიკამ უზრუნველყოს სამუშაო ადგილთა საჭირო რაოდენობა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რათა უზრუნველყოს მოგება, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ადამიანთა სოციალური მხარდაჭერისთვის... რომ შეძლოს უზრუნველყოს აფხაზეთის ინფრასტრუქტურის განვითარება, აფხაზეთის განვითარებისთვის აუცილებელი ინვესტიციების უზრუნველყოფა. რაა აქ აზრი? - ის, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება მდგრადი და სტაბილური... რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ დაგვჭირდება ნაკლები სახსრები იმ დავალებების სუბსიდირებისთვის, რომელთა დაფარვაც ახლა აფხაზეთის ეკონომიკას არ შეუძლია. მგონია, რომ ეს მიზნები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რუსეთის ეს მიზნები სრულად არის თანხვედრაში აფხაზეთის მიზნებთან." - თქვა კირიენკომ ინტერვიუში.
კირიენკოს თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, რადგან "რთულად ხედავს მძიმე მრეწველობისა" და "მეტალურგიულ კომბინატების" გახსნის შესაძლებლობას.
კირიენკო აფხაზეთში ანტირუსული განცხადებების მიზეზებზე
კირიენკოს თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ის ირწმუნება, რომ როდესაც აზრთა სხვადასხვაობის განცდა ჩნდება, სინამდვილეში მხარეები ერთმანეთს არ უსმენენ.
"რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას - რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება - უნდა ვილაპარაკოთ. ეს ნახევარი წელი მეტყველებს იმაზე, რომ 99% შემთხვევებში, როცა ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალეთ ერთმანეთისთვის მოსმენა, რადგან, როგორც კი გამოვნახეთ საუბრის შესაძლებლობა და გაგება, რას გულისხმობს პარტნიორი, პარტნიორმა კი გაიგო, რას ვგულისხმობდით ჩვენ, გაირკვა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს." - თქვა კირიენკომ.
მარიონეტულ რეჟიმთან დაკავშირებულმა ჟურნალისტებმა კირიენკოს ჰკითხეს ოპოზიციურად განწყობილ ტელეგრამ არხებთან დაკავშირებით. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, "აფხაზეთზე ვერ იმსჯელებ ტელეგრამ არხებით". კირიენკომ მსგავს ტელეგრამ არხებს, რომლებიც მარიონეტული რეჟიმისადმი უარყოფითად არიან განწყობილი, "მორიელებით სავსე ქილა" უწოდა.
ამას გარდა კირიენკო ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ აფხაზეთში არ არსებობს ანტირუსული განწყობები, თუმცა კეთდება გარკვეული ანტირუსული განცხადებები. მისი თქმით, არსებობს მსგავსი განცხადებების ორი მიზეზი.
"მე ვთვლი, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არანაირი ანტირუსული განწყობები არ არსებობს, თუ განწყობა არის მოსახლეობის გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილის გავრცელებული მოსაზრება. შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომლებსაც რუსეთი არ უყვართ. თუმცა, ალბათ, ასეთები ერთეულები არიან, მაგრამ ასეთი ადამიანები რუსეთშიც არსებობენ. ეს ნორმალურია. ანტირუსული განწყობა არ არსებობს. რაც შეეხება ანტირუსულ განცხადებებს, ეს არსებობს. ისინი ჟღერს არხებზეც, საჯარო დისკუსიაშიც.
სიმართლეს გეტყვით, ამ ნახევარი წლის განმავლობაში, როცა პრეზიდენტის განკარგულების წყალობით მე მომეცა შესაძლებლობა უფრო ხშირად ვყოფილიყავი სამშობლოში და მემუშავა განვითარებისა და თანამშრომლობის დახმარებაში, ამაზე ვფიქრობდი. გეტყვით, რა პასუხამდე მივედი. ჩემი პასუხი ასეთია: ეს განცხადებები ჩნდება ორი მიზეზით." - თქვა კირიენკომ.
კირიენკომ პირველ მიზეზად ეკონომიკური ფაქტორი დაასახელა. მისი თქმით, აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგით არიან დაკავებულები. ამ პროცესს დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს არ აწყობთ რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობა.
"პირველი მიზეზი ეკონომიკურია. ხალხს შეიძლება ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთის მიმართ, მაგრამ მათი ეკონომიკური ინტერესი ხელს უშლის რუსეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაფართოებას.
აი, ახლა, ელექტროენერგიაზე ვსაუბრობდით. გასაგებია. რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პროგრამა ელექტროენერგეტიკაში ითვალისწინებს ქსელის რემონტს, საზომი მოწყობილობების დაყენებას, გამომუშავების ამაღლებას. ბევრი რამ გაკეთდა ამ მიზნით. ასობით მილიონი რუბლი შემოვიდა ეკონომიკასა და ბიუჯეტში.
თუმცა აქამდე ხომ ეს ვიღაცის ჯიბეში ხვდებოდა, სასწაულების გარეშე, არა? ის ხომ ვიღაცის ჯიბეში იყო. ადამიანები, რომლებიც ფულს შოულობდნენ და, სიმართლე რომ ვთქვათ, კვლავ შოულობენ მაინინგით. თქვენ და ვინც გვისმენს, ნამდვილად უკეთ ეცოდინებათ ესენი ვინ არიან. გულწრფელად რომ ვთქვა, ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეც კი შემიძლია რამდენიმე გვარის დასახელება. ცხადია, თქვენ მეტი იცით, ხომ? ახარებთ მათ ეს თანამშრომლობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის? არ მგონია.
რა თქმა უნდა, როცა ელექტრომატარებელი ავამუშავეთ - და დღეს რუსეთი ელექტრომატარებლის ბილეთებს ათარიღებს და ის 300 რუბლი ღირს - რამდენიმე ათასის (რუბლის) აღება ადლერიდან სოხუმამდე ტაქსისტებს უკვე აღარ შეუძლიათ, რადგან გამოჩნდა ალტერნატიული მარშრუტი. ვიღაცას ეს არ მოსწონს? ალბათ, ვიღაცას არ მოსწონს." - თქვა კირიენკომ.
კირიენკომ ისაუბრა საბაჟო გადასახადების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ აქამდე 250 მილიონ რუბლამდე ოდენობის თანხა "ვიღაცების ჯიბეებში მიდიოდა".
"პირველი პასუხი, მგონია ისაა, რომ ეს ანტირუსული განცხადებები ზოგჯერ ჩნდება არა იმიტომ, რომ ხალხი უარყოფითადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთისა და აფხაზეთის პარტნიორობის გაფართოება ურტყამს მათ, ბოდიში მომიხდია, ტყავისა და საფულის ინტერესებს." - თქვა კირიენკომ.
რუსი პოლიტტექნოლოგი ანტირუსული განცხადებების მეორე მიზეზად პოლიტიკურ ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს ორი დებულება, რომ რუსეთი რუსეთი ე.წ. სუვერენიტეტის გარანტია, თუმცა, ამავდროულად, ზედმეტი დაახლოებით, შესაძლოა, ისინი მოსკოვმა "ჩაყლაპოს". კირიენკოს თქმით, სეპარატისტთა პოლიტიკაში სწორედ მეორე შიშზე აპელირება ხდება და როცა "პოზიცია და ოპოზიცია" ადგილებს ცვლიან, იცვლება მათი განცხადებებიც რუსეთის მიმართ. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, ისინი, ვინც ოპოზიციაში არიან, გათვლას აკეთებენ რუსეთის მიერ ე.წ. რესპუბლიკის "გადაყლაპვის" საფრთხეზე.
"მეორე მიზეზი უფრო რთულია და მასთან მუშაობა უფრო რთულია. მეორე მიზეზი პოლიტიკურია. შემისწორეთ, ჩემი პირადი მოსაზრებაა. მგონია, რომ აფხაზეთის პოლიტიკაში არსებობს ორი ფუნდამენტური, სიღრმისეული იდეა, რომელიც ეხება, ფაქტობრივად, მთელ საზოგადოებას. პირველი იდეა დაკავშირებულია იმასთან, რომ აფხაზეთის ხანგრძლივი სუვერენიტეტი, სტაბილურობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან პარტნიორობით. ეს არის გასაგები, ფუნდამენტური იდეა, რომელსაც მხარს უჭერს, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება და ეს მართალია. მეორე იდეა დაკავშირებულია შიშთან, რომ რუსეთთან ზედმეტი ჩახუტება შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ რუსეთმა გადაგყლაპოთ... რა თქმა უნდა, მესმის, რომ ისტორიის გათვალისწინებით, ამის საფუძველიც არსებობს. სხვა მესამე, გლობალური, იდეოლოგიური კონცეფცია, პროგრამა ან მიდგომა არ არსებობს.
შემდეგ ხდება, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი, თუმცა მძიმე შედეგების მქონე რამ. როგორც კი ორ კონკურენტულ პოლიტიკურ ძალას შორის ერთ-ერთი იწყებს პირველ იდეაზე მუშაობას, მეორე გარდაუვლად იწყებს მეორეზე აპელირებას. და არა იმიტომ, რომ ცუდად უდგებიან რუსეთს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ადამიანთა მნიშვნელოვანი მოსაზრება მიიპყროს, არა? რათა ჩაებღაუჭონ რაღაცას, რაც მნიშვნელოვნად ეხება ადამიანებს.
რა ხდება შედეგად. მიაქციეთ ყურადღება. არ მსურს ვინმე გავანაწყენო, ამიტომ არანაირ სახელს არ ვასახელებ, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ადგილებს ცვლიან, ყველაფერი თავიდან იწყება, არა? ადამიანთა ნაწილი, რომლებიც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობის ღრმად გაფართოებით საფრთხეში აგდებენ ეროვნულ ინტერესებს - არაფერი რომ ვთქვათ, [შეხედულებაზე] რომ ღალატობენ ეროვნულ ინტერესებს, რადგან ახლა რუსეთი დაგვიპყრობსო - გარკვეული ხნის წინ, სულ რაღაც 2014 წელს მხარს უჭერდნენ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას და ხელს აწერდნენ შეთანხმებას. მათი ნაწილი კი, ვინც დღეს საჯაროდ გამოდის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების მხარდასაჭერად, 2014 წელს მათ გზას უბლოკავდნენ პლაკატებით - "არ შევუშვებთ სამშობლოს მოღალატეებს".
ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ არც ერთსა და არც მეორეს ანტირუსული განწყობები არ აქვთ. რუსეთი უბრალოდ გამოიყენება... ან ეს შიში გამოიყენება შიდაპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად." - თქვა კირიენკომ.
კირიენკოს თქმით, საჭიროა ამ "პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა", რადგან "საკითხთა უმრავლესობა გადაუჭრელი რჩება". თუმცა, როგორც პოლიტტექნოლოგმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ რუსეთი ზემოხსენებული შიშების მიზეზს იძლევა. მაგალითად მან მოიყვანა საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც, მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ, არ შედგა.
"ზოგჯერ ჩვენ თავად ვიძლევით ამის მიზეზს. ჩვენ, რუსეთი. ჩემი აზრით, ასეთი მიზეზი იყო შემოდგომის საკმაოდ წარუმატებელი შეთანხმება, არა? ჩემი აზრით, ის არავის სჭირდება. გულწრფელად. ის რუსეთს არ სჭირდება. არ მესმის რისთვისაა საჭირო. იმისთვის, რომ განვითარდეს პრიორიტეტები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ეს შეთანხმება საჭირო არაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა და მესმის, რომ მაშინ თავად მოგეცით ამ შიშების მიზეზი.
მაგრამ, მეორე მხრივ, მგონია, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთს მსგავსი მიზეზი არ მიუცია, მაგრამ არაფერი იცვლება. გულწრფელად რომ ვთქვა, თავდასხმები ისეთივეა. ზოგჯერ ასეთი სევდიანი განცდა მეუფლება, რომ ხვალ ხელისუფლება თუ რუსეთთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომ ორჯერ ორი ოთხია, მაინც დააბრალებენ ეროვნული ინტერესების გაყიდვას. და ეს ვნებს აფხაზეთს. აფხაზეთს და არა რუსეთს. რადგან არ მიიღება ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები." - თქვა კირიენკომ.
სეპარატისტი ოპოზიციონერების მოქალაქეობა და 5 ნოემბრის ინციდენტი
კირიენკომ ილაპარაკა მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციონერებისთვის, კან კვარჩიასა და ლევან მიქაასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზეც. 2025 წლის 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევან მიქაასა და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიზეზად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები" დაასახელეს. მიქაა და კვარჩია ოკუპირებულ აფხაზეთში 2024 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, რომელთა შედეგადაც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა და დე ფაქტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
კირიენკოს თქმით, ამ მოქმედების მიზეზების მოთხოვნა "უპატივცემლობაა" რუსეთის სუვერენიტეტისადმი. მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს უშუალოდ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იღებს. კირიენკოს თქმით, ეს არ არის "უნიკალური გადაწყვეტლება, არამედ არის სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისათვის მიღებული გადაწყვეტილება". მან დაამატა, რომ "არავის ართმევენ მოქალაქეობას ერთი ან ორი, ან ასი სიტყვისთვისაც კი, ეს ხდება არა სიტყვების, არამედ ქმედებების გამო".
კირიენკო შეეხო 5 ნოემბრის შემთხვევასაც. ამ დღეს ე.წ. მუნიციპალური არჩევნების დროს თვითგამოცხადებული პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კან კვარჩიამ სოხუმში აღმოაჩინა ოფისი, რომელშიც რუსეთის სამი მოქალაქე მუშაობდა. ამ შენობაში მუშაობდნენ მარიონეტი ლიდერის, ბადრა გუნბას მხარდამჭერს გაზეთზე, მიმდინარეობდა მისი მხარდამჭერი აგიტაცია. ოპოზიციონერმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი რუსი პოლიტტექნოლოგი, ივან რევა ამბობდა, რომ ქირაობდა ხალხს, რათა მარიონეტული რეჟიმის ოპონენტების საარჩევნო პლაკატები ჩამოეხიათ. რუსეთის მოქალაქეებმა ოკუპირებული აფხაზეთი დატოვეს. მათ თქვეს, რომ მათზე ფიზიკურად იძალადეს და იარაღით ემუქრებოდნენ. ივან რევას თქმით, მათ ოფისში შეიჭრა 40-მდე ადამიანი, რომელთაც, მისივე ინფორმაციით, კან კვარჩია ხელმძღვანელობდა. პოლიტტექნოლოგის თქმით, კვარჩია მას წამებით ემუქრებოდა და სცემდა. ოპოზიციონერები რუსეთის მოქალაქეებს ე.წ. კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
მომხდარიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 24 ნოემბერს რუსეთში ძებნა გამოაცხადეს სამ სეპარატისტ ოპოზიციონერზე: კან კვარჩიაზე, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმავაზე. ისინი ეჭვმიტანილები არიან რუს სპეციალისტებზე თავდასხმაში. რუსეთში ამ პირებზე ფედერალური ძებნის გარდა საერთაშორისო ძებნის დაწყებასაც აპირებენ. მარიონეტმა ლიდერმა, ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ ძებნილებს რუსეთს არ გადასცემენ. 27 ნოემბერს მან ასევე თქვა, რომ "უცხო ქვეყნის მოქალაქეებს", რომლებიც პატივს არ სცემენ ე.წ. კონსტიტუციას, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალებათ.
კირიენკოს თქმით, საჭირო გახდა სიტუაციის ყურადღებით შესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს "უსიამოვნო იყო". მისივე თქმით, "არ არსებობს პრობლემა რუსი სპეციალისტების აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობაში", თუმცა დაამატა, რომ "ამ კონკრეტულმა პოლიტტექნოლოგებმა უდავოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონმდებლობა" და ეს "წამითაც არ იწვევს ეჭვს".
"ძალიან ვწუხვარ, თუმცა ეს ასეა. ამასთან ერთად მათ, ჩემი აზრით, დაარღვიეს არამხოლოდ კანონმდებლობა, არამედ მორალურ-ეთიკური ნორმებიც და სტუმართმოყვარეობის ნორმებიც." - თქვა კირიენკომ.
კირიენკოს თქმით, ამ რუსებს არ ესმოდათ "კავკასიური სტუმართმოყვარეობის წესები". რუსი მაღალჩინოსანი დაეთანხმა ბადრა გუნბას გადაწყვეტილებასაც.
"პასუხი სავსებით ცხადია. სამწუხაროდ, მათ დაარღვიეს აფხაზეთის კანონი და დაარღვიეს აფხაზეთში სტუმრად ყოფნის მორალურ-ეთიკური ნორმები. ამიტომ ვთვლი, რომ მათი პასუხისგების ზომა კანონის დარღვევისთვის უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და მათ უნდა მიიღონ ეს სასჯელი. მორალურ-ეთიკური ნორმების დარღვევის თვალსაზრისით, მე ვეთანხმები დასკვნას, რომელიც გამოიტანა აფხაზეთის პრეზიდენტმა, რომ ეს რუსები არასასურველები არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს სამართლიანია." - თქვა კირიენკომ.
თუმცა აქვე კირიენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი დარღვევა არ ამართლებს ფიზიკურად გასწორებასა და თვითნებურ გასამართლებას.
"ის, რომ მათ რამდენიმე საათი სცემდნენ, არანაირი გამართლება არ აქვს. ესენი რუსეთის მოქალაქეები არიან. რუსეთი მუდამ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს. ვფიქრობ, რომ რადგან აფხაზეთში აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ეს რესპუბლიკის მოსახლეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დავიცავთ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მოქალაქეს." - თქვა კირიენკომ.
კირიენკოს თქმით, იმისთვის, რომ მომავალში ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა მსგავსი შემთხვევები აირიდოს თავიდან, საჭიროა ორივე მხარემ ისწავლოს ორი წესი, რაც, მისივე თქმით, რთულია. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, "მსგავსი სიტუაციების მეტი მიზეზი იარსებებს", რადგან უფრო და უფრო მეტი რუსი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში და აფხაზი - რუსეთში, რაც ზრდის მათი სამუშაო შეხებას. კირიენკოს თქმით, პირველი წესი, რომელიც ორივე მხარემ უნდა ისწავლოს, "სხვის ადგილზე თავის წარმოდგენაა". მეორე წესი, კირიენკოს თქმით, არის ის, რომ "ერთი ადამიანის შეცდომები, სიბრიყვე ან დანაშაულიც კი" არ განაზოგადონ "მთელ ერსა და ქვეყანაზე".
Эхо Кавказа-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ხაზგასმულია, რომ მარიონეტული რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილ ზოგიერთ ტელეგრამ არხზე გამოითქვა ვარაუდები, თუ რეალურად რას წარმოადგენდა კირიენკოს ვიზიტი. ერთ-ერთ მსგავს არხზე ვარაუდობდნენ, რომ რუსი მაღალჩინოსანი ოკუპირებულ რეგიონს ესტუმრა არა "საკურორტო შემოწმების, არამედ გაფრთხილების მიზნით, რომ ნდობის ფარგლები უსასრულო არაა". მსგავსი ახსნების მიხედვით, კირიენკო სიტუაციის მორიგი დაძაბვის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარების დასაწყნარებლად ჩავიდა.
2025 წლის გაზაფხულიდან პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ჩაბარდა. მან ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად პუტინის ადმინისტრაციის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, დმიტრი კოზაკი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ე.წ. არჩევნებში კრემლისთვის სასარგებლო კანდიდატმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოზაკსა და პუტინს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მაღალჩინოსანი ამიტომ გავლენებს კარგავდა. კოზაკმა საბოლოოდ თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.
დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბადრა გუნბას კამპანიაში კირიენკო პირადად იყო ჩართული. რუსი მაღალჩინოსანი აპრილში ოკუპირებულ ცხინვალს, მაისში კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მაისის შემდეგ კირიენკო სოხუმში კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა.




