6 დეკემბერს დოჰის ფორუმზე გამართული პანელური ფარგლებში NATO-ში აშშ-ს ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა და რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე NATO-ს სამხედრო მზადყოფნის საკითხსაც შეეხო.
"[უკრაინაში] მშვიდობის მიღწევასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს სწორ ადგილამდე მისასვლელად რთული ვითარებაა და საბოლოოდ ეს ომი უნდა დამთავრდეს - ის თითქმის ოთხი წელია გრძელდება, მილიონობით მსხვერპლით და უკრაინისთვის ნამდვილი დაქცევით." - თქვა მან.
ალიანსის სამხედრო მზადყოფნაზე საუბრისას უიტაკერმა ხაზი გაუსვა სამხედრო კუთხით ფინეთის, ბალტიის ქვეყნების, პოლონეთისა და თურქეთის მზადყოფნაზე და აღნიშნა, რომ არსებული მზაობით იგი კმაყოფილია, თუმცა ასევე დაამატა, რომ ცხადია, უკეთესიც შეიძლება იყოს.
უიტაკერის თქმით, აშშ და NATO-ს ყოველი მოკავშირე ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ძალიან სერიოზულად უყურებს. ფორუმზე საუბრისას მან ასევე განიხილა NATO-ზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა, რისი შანსიც, მისი თქმით, "ძალიან დაბალია." თუმცა, უიტაკერმა ასევე განაცხადა, რომ "რუსეთი ძალზე წინდაუხედავია და საბოლოოდ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რას გააკეთებენ ისინი."





