გამოცემა Financial Times წერს, რომ დრონების ნაწილების მიმწოდებელი ჩინური მსხვილი კომპანიის მფლობელმა, ვანგ ტინგხუამ რუსული დრონების მწარმოებელი მოწინავე ფირმის, Rustakt-ის წილი იყიდა.
როგორც FT აღნიშნავს, ჩინურ კომპანიასა და რუსულ სამხედრო ფირმას აქამდე ამდენად ახლო კავშირი არ ჰქონიათ და ეს ნაბიჯი მოსკოვისა და პეკინის სამრეწველო-სამხედრო კომპლექსებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე მიუთითებს.
Rustakt-ის წინააღმდეგ EU-სა და უკრაინის სანქციები არის დაწესებული. კომპანია VT-40 ტიპის დრონებს აწარმოებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომრად იყენებს. ამასთან, უკრაინული ორგანიზაციის, თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის მიხედვით, Rustakt 2023 წლის ივლისიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთში დრონების ნაწილების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო. ხოლო ვანგის კომპანიები, მათ შორის, Shenzhen Minghuaxin-ი, Rustakt-სა და მის მოკავშირე კომპანიებს დრონის ნაწილებს აწვდის.
გამოცემის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ვანგ ტინგხუა Rustakt-ის აქციების 5%-ს, დანარჩენ 95%-ს კი ბიზნესმენი პაველ ნიკიტინი ფლობს. FT აღნიშნავს, რომ დოკუმენტი რუსულ საჯარო რეესტრიდან მოიპოვეს, თუმცა მისი ნახვიდან ერთ დღეში Rustakt-ის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია რეესტრებიდან ამოღებულ იქნა.
როგორც FT წერს, Rustakt-ი და Shenzhen Minghuaxin-ი სექტემბრამდეც თანამშრომლობდნენ და რუსული საბაჟო მონაცემები მიუთითებს, რომ ჩინურ კომპანიას Rustakt-ისთვის გაგზავნილი აქვს $340 მილიონის ღირებულების ნაწილები, ხოლო Rustakt-თან დაკავშირებული რუსული კომპანიისთვის, Santex Plant-ისთვის - $107 მილიონი ღირებულების საქონელი.
გამოცემა წერს, რომ Rustakt-ს 2023 წლიდან ჩინური კომპანიისგან $110 მილიონის ღირებულების ელემენტები, $87 მილიონის ღირებულების ძრავები და $64 მილიონის ღირებულების დისტანციური მართვის პულტები აქვს შეძენილი, ხოლო Santex-ს - $66 მილიონის ღირებულების პულტები და $37 მილიონის ღირებულების ძრავები.
FT ასევე აღნიშნავს, რომ ვანგს 10%-იან წილი აქვს ჩინურ კომპანიაში, Shenzhen Nasmin Investment-ში, სადაც დარჩენილ 90%-ს ეგორ ნიკიტინი ფლობს, რომელიც ასევე Santex Plant-ის ხელძღვანელია.. თავის მხრივ, ეგორამდე ხელმძღვანელის თანამდებობა პაველ ნიკიტინს ეკავა.
გარდა ამისა, გამოცემა ასევე წერს, რომ Rustakt-ს ჩინეთიდან, მათ შორის, ლითონდამმუშავებელი აპარატებიც აქვს ნაყიდი, რომლებიც Shenzhen Kiosk Electronic-ისგან შეიძინა. FT-ის მიხედვით, ამ ფირმის აქციების უმეტესობას ვანგი ფლობს.
გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ვანგ ტინხუას აქტივების შესახებ ინფორმაციას ფლობს და განაცხადა, რომ ჩინეთს “კონფლიქტის არცერთი მხარისთვის ლეტალური იარაღი არასდროს არ მიუწოდებია და მკაცრად აკონტროლებს და მართავს სამოქალაქო-სამხედრო ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს”.





