რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები აშშ-ს სამშვიდობო გეგმაზე საპასუხოდ ერთმანეთს შეხვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ელაპარაკებიან ალბანეთში გამართული სამიტის დროს, 16 მაისი, 2025
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, უკრაინის მოკავშირეებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართული "დიდი ოცეულის (G20)" სამიტის პარალელურად საგანგებო შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც უკრაინას აშშ-ს მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი "სამშვიდობო წინადადება" წარუდგინეს, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას მოიცავს.

საკითხზე ინფორმირებული მაღალჩინოსნების თქმით, ევროპელი ლიდერები ახლა სასწრაფოდ ცდილობენ აშშ-ს 28-პუნქტიან გეგმაზე საპასუხო წინადადების შემუშავებას. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, კანადის პრემიერი მარკ კარნი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, იოჰანესბურგში ერთმანეთს შეხვდნენ, რათა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კოორდინაცია გაეწიათ საპასუხო ნაბიჯებისთვის. 

ტრამპის გეგმის განხილვის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "სამუშაო დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც დამატებითი დამუშავება დასჭირდება." 

"ჩვენ მკაფიოდ ვრჩებით იმ პრინციპზე, რომ საზღვრების შეცვლა ძალით არ უნდა მოხდეს. ჩვენ ასევე გვაშფოთებს შემოთავაზებული შეზღუდვები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე, რომელიც უკრაინას სამომავლო თავდასხმების წინაშე დაუცველს დატოვებს." - განაცხადეს მათ. 

ლიდერებმა ასევე გაიმეორეს, რომ უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა კვლავ "ძლიერია" და დაამატეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაში ნებისმიერ პუნქტს, რომელიც ევროკავშირს ან NATO-ს ეხება, დასჭირდება შესაბამისი "თანხმობა" ამ ორგანიზაციების წევრების მხრიდან. 

21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან. 

კომენტარები