რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟის ოლქზე იერიში ამერიკული ATACMS-ებით მიიტანეს

რუსეთის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც ATACMS-ის ფრაგმენტები ჩანს

18 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ვორონეჟის ოლქზე იერიში ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

თავდაპირველად, 18 ნოემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ATACMS-ის ტიპის რაკეტები წარმატებით გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიეტქების წინააღმდეგ ზუსტი იერიშების მისატანად. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ რაკეტების გამოყენებას გააგრძელებდნენ. ტექსტში უკრაინის გენშტაბს არ დაუზუსტებია ამერიკული რაკეტების სამიზნეების კონკრეტული მდებარეობა და იერიშის თარიღი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინელებმა ATACMS-ებით ვორონეჟის ოლქს დაარტყეს, თუმცა, ირწმუნებიან, რომ ოთხივე რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-400-ით მოიგერიეს. ამავე განცხადებას რუსეთის თავდაცვის უწყებამ დაურთო ვიდეო, რომელშიც თითქოსდა ATACMS-ის გამშვები დანადგარების განადგურება იყო ასახული. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, მათ ხარკოვის ოლქში აღმოაჩინეს დანადგარები, რომლებიდანაც 18 ნოემბერს ATACMS-ები გაუშვეს. მათი მტკიცებით, საპასუხო დარტყმების შედეგად გაანადგურეს ორი გამშვები დანადგარი და ათამდე სამხედრო. თუმცა თავად ომის მხარდამჭერმა რუსმა ბლოგერებმა ყურადღება გაამახვილეს ვიდეოზე და აღმოაჩინეს, რომ თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ძველი კადრები, რომლებიც 2024 წლის 5 სექტემბერს თავადვე გაავრცელეს.

უკრაინულ სამხედრო ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ATACMS-ების სამიზნე ვორონეჟის ოლქში მდებარე ბალტიმორის აეროდრომი იყო. კიდევ ერთი ინფორმაციით, სამიზნეებიდან ერთ-ერთი იყო პოგონოვოს პოლიგონი, სადაც ბევრი რუსი სამხედრო იყრის თავს. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად წარმატებული იყო ATACMS-ებით მიტანილი იერიშები.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ ATACMS-ის ტიპის რაკეტები პირველად ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 19 ნოემბერს გამოიყენეს. მაშინ სამიზნე ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კარაჩევთან მდებარე იარაღის საცავი იყო. სწორედ ამის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი.

კომენტარები