ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

"ოპერატიულ ნაწილს გახარია არავის უზიარებდა" – 20 ივნისის საქმეზე გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა

პროკურატურაში 2019 წლის 20 ივნისზე, ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაშინდელი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა. 

ჭოლაძის თქმით, გახარია, რომელიც 2019 წელს შს მინისტრი იყო, ოპერატიულ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა და არავის უთანხმებდა. 

"პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის ოთახში იყო შეკრებილი ის ხალხი, ვინც მე საგამოძიებო კომისიაზე ჩამოვთვალე, შესაბამისად, გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებებს და იძლეოდა ბრძანებებს, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები, მეტი არაფერი. გერმანიის ელჩი, მე რომ მივედი, იქ იყო, ყველა დეტალთან დაკავშირებით იყო კითხვები. ერთი ოთახი იყო, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც [საუბარია ჰუბერტ ქნირშზე], ზოგი ფეხზე იდგა, იყვნენ დეპუტატებიც, მეც, იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს, მე შევდიოდი იმ ოთახში პერიოდულად. […] ოპერატიულ ნაწილს ის არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს". - თქვა ჭოლაძემ. 

აპარატის ყოფილმა უფროსმა ასევე განმარტება გააკეთა 20 ივნისს მამუკა ბახტაძის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე, როცა ყოფილმა პრემიერმა მომიტინგეების დარბევის პარალელურად თქვა, რომ "რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება". ჭოლაძის თქმით, ბახტაძემ განცხადება გახარიას მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. 

"პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა პრესასთან, როგორც ახლა მე ვარ აქ, თქვენთან, რომ მივტრიალდე და ვთქვა, არ აპირებს ჩვენი ხელისუფლება სხვა ხელისუფლებისგან განსხვავებით ამის გაკეთებას, მივტრიალდე, შევიდე სადღაც, სადაც მელოდება შს მინისტრი და ამ პროცესში, მე არ მინდა, ქრონოლოგიურად რაღაც შემეშალოს, მაგრამ მე პირადად რომ შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც ეს შტაბი იყო, სროლა უკვე დაწყებული იყო". - თქვა მან. 

ჭოლაძის თქმითვე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურას შეკითხვები არ ჰქონია. 

ცნობისთვის, ჭოლაძე ასევე გამოკითხულია წულუკიანის კომისიაზეც.

2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა 12 ნოემბერს განაცხადა. 

ორივე საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული

კომენტარები