პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმის კონკრეტულ მასალებს გრიფი საიდუმლო ადევს.
"20 ივნისთან დაკავშირებით საქმეში ახალი არაფერი არ არის, ასევე, რაც ვიცით, მასალების ნაწილს გრიფი საიდუმლო ადევს, ჩვენ ვითხოვთ მოეხსნას. რას მალავს ქართული ოცნება 20 ივნისის საქმეში? რატომ არის საიდუმლო ნაწილო?
გიორგი გახარიას არაფერი განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო არ უთქვამს. არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გიორგი გახარია ყოველთვის იღებდა და იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ მოვლენებზე. და ეს არ შეცვლილა. ამ პასუხისმგებლობით იბრძვის დღეს იმ პირობებში, რა პირობებშიც უწევს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, რისთვისაც დატოვა სამშობლო, ასაკიანი მშობლების დატოვება იძულებით". - თქვა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის და ე.წ. ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა 12 ნოემბერს განაცხადა.
გიორგი გვარაკაძის თქმით, "საქმე ეხება პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".
პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ გდდ-ს თანამშრომლებს დაავალა, "სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება".
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 ნოემბერს 20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ამავე დღეს, გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზეც.





