რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტის ნავთობის ტერმინალზე მასშტაბური იერიში მიიტანა

14 ნოემბერს უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკიზე იერიში მიიტანეს - დაზიანდა ნავთობის ტერმინალი და გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. ამის შესახებ რამდენიმე რუსული Telegram-არხი და ადგილობრივი ოფიციალური პირები იუწყებიან.

უკრაინელების სამიზნე ნავთობკომპლექსი შეშხარისი იყო. ეს ობიექტი რუსეთის ნავთობის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი ტერმინალია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტის მილსადენების საბოლოო პუნქტს წარმოადგენს - ტრანსნეფტი მსოფლიოში უდიდესი ნავთობსადენების კომპანიაა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიშმა ნავთობის ტერმინალი და რამდენიმე სანაპირო ობიექტიც დაზიანდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეშხარისის კომპლექსში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

რუსეთის სამთავრობო გამოცემა РИА Новости იუწყება, რომ დრონების მასშტაბური იერიშის დროს პორტში სამოქალაქო გემიც დაზიანდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით კრასნოდარის მხარის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 66 დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები