აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში საცხოვრებლად ვიზის მიღებას ცდილობენ, შესაძლოა, უარი გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობების საფუძველზე უთხრან, მათ შორის, დიაბეტის ან სიმსუქნის გამოც.
საელჩოსადმი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი მითითებები, რომელიც არაკომერციულმა ორგანიზაციამ, KFF Health News-მა შეისწავლა, საიმიგრაციო ოფიცრებს ავალებს, განცხადების შემტანებს აშშ-ში შესვლის უფლება ახალი მიზეზების გამო არ მიანიჭონ, მათ შორის, ასაკის ან იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია სოციალურ დახმარებაზე მათი დამოკიდებულების ალბათობა.
ინსტრუქციის მიხედვით, ასეთი ადამიანები შესაძლოა, "საზოგადოებისთვის ტვირთად" იქცეს, რამაც ჯანმრთელობის ან ასაკის მხრივ მათი პრობლემების გამო შესაძლოა, აშშ-ს რესურსების ხარჯვა გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური მიგრანტების ჯანმრთელობა ვიზის გაცემის პროცესის ნაწილი წლების განმავლობაში იყო, მათ შორის ისეთ გადამდებ დაავადებებზე სკრინინგი, როგორიცაა ტუბერკულოზი, ან ვაქცინაციის ისტორიის მოპოვებაც, ექსპერტების თქმით, ახალი ინსტრუქციები მნიშვნელოვნად აფართოებს ჯანმრთელობის მდგომარეობების სიას, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს.





