მილანის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც იტალიის მოქალაქეები 1990-იანი წლების დასაწყისში ბოსნია-ჰერცეგოვინაში "ადამიანებზე სანადიროდ" მიდიოდნენ.
ბრალდების მიხედვით, იტალიელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები ალყაში მოქცეულ ქალაქ სარაევოში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სროლაში დიდ თანხებს იხდიდნენ.
სარჩელი ავტორი იტალიელი ჟურნალისტი და ნოველისტი, ეციო გავაცენია, რომელიც აცხადებს, რომ "ადამიანებზე ნადირობაში მონაწილეობდნენ იარაღით გატაცებული ძალიან მდიდარი ადამიანები, რომლებიც დიდ თანხებს იხდიდნენ იმისთვის, რომ დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა შეძლებოდათ სარაევოს ირგვლივ მთებში მდებარე სერბული პოზიციებიდან".
სხვადასხვა ცნობების მიხედვით, კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის განსხვავებული ფასები იყო დაწესებული.
აღსანიშნავია, რომ "ადამიანებზე მონადირეების" შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა, გავაცენის შეგროვებული მტკიცებულებები კი ბოსნიელი სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ჩვენებასაც მოიცავს. ოფიცრის თქმით, მან და მისმა ბოსნიელმა კოლეგებმა ე.წ. საფარის ტურისტების შესახებ 1993 წელს გაიგეს და მომდევნო წელს ინფორმაცია იტალიის სამხედრო დაზვერვას გადასცეს.
ამასთან, BBC-სთან საუბარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების იმ წევრებმა, რომლებიც 90-იან წლებში სარაევოში მსახურობდნენ, აღნიშნეს, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ არაფერი გაუგიათ.





