აშშ

აშშ-ს სენატმა პირველი ნაბიჯი გადადგა ფედერალური მთავრობის ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად

REUTERS/Tom Brenner/File Photo

9 ნოემბერს აშშ-ს სენატმა პირველი ნაბიჯი გადადგა ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისა და 40-დღიანი ე.წ. "შათდაუნის" დასასრულებლად, რის გამოც ბოლო კვირების განმავლობაში ხელფასებს ვერ იღებდნენ ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულები, გადადებული იყო სახელმწიფო სასურსათო დახმარების პროგრამები და გართულებული იყო ქვეყნის შიგნით საჰაერო მიმოსვლა. 

პროცედურული კენჭისყრის ფარგლებში სენატმა ხმების 60-40-ზე გადანაწილებით მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვას, რომელიც აშშ-ს ფედერალურ მთავრობას 30 იანვრამდე დააფინანსებს და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შათდაუნს დაამთავრებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე რესპუბლიკელ სენატორებთან შეთანხმებაზე რვა დემოკრატი სენატორი წავიდა მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც. 

ახლა საჭირო იქნება სენატში შეთანხმებაზე დებატების გამართვა და საბოლოო კენჭისყრით მიღება, რის შემდეგაც იგივე ნაბიჯი რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ არსებულმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამაც უნდა გადადგას და საბოლოოდ შეთანხმებას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს. 

შეთანხმების მიღების შედეგად კი სამთავრობო პროგრამების დაფინანსება დროებით იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. თავის მხრივ, რესპუბლიკელებთან გარიგების ფარგლებში დემოკრატებმა ჯანდაცვის დაზღვევაში სუბსიდიების გახანგრძლივების შესახებ კენჭისყრის გამართვაზე პირობა მიიღეს. 

ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.

კომენტარები