კრიმინალი

დააკავეს 18 წლის ბიჭი, რომელსაც, შსს-ს ცნობით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა მკვლელობა შეუკვეთა

ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროსცნობით, შსს-სა და სუს-ის ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს – დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი. 

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ  ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი  კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა  ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.

ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა  შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია   "მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა  დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით. 

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე  და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით,  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება" - თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე. 

შსს-ს ცნობითვე, კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის.

უწყების ინფორმაციით, მამედოვი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. 

კომენტარები