აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიხედვით, ომის დეპარტამენტი აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოცდას დაიწყებს. ტრამპის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების ანალოგიური ქმედებების გამო მიიღო. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
"აშშ-ს სხვა ყველა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ამას ჩემი პირველი ვადის დროს, არსებული იარაღის განახლებით მივაღწიეთ. ამ უზარმაზარი გამანადგურებელი ძალის გამო, ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რუსეთი მეორეა, ხოლო ჩინეთი მესამე, თუმცა 5 წელში გათანაბრდება. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებს იარაღის გამოცდის პროგრამები აქვთ, ომის დეპარტამენტს ბრძანება მივეცი, თანაბარ დონეზე დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა" – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი, რომელიც, მოსკოვის თქმით, ნებისმიერ თავდაცვით ფარს გაარღვევს.
მოგვიანებით, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკის გამოცდამ აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
ტრამპი გამოეხმაურა რუსეთის ქმედებას და აღნიშნა, რომ რუსეთის სანაპიროსთან აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავია განთავსებული და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული ძრავის მქონე რაკეტის გამოცდის ნაცვლად ომი უნდა დაასრულოს.





