მანჰეტენის სასამართლო ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ ირანის მოქალაქე, რაფატ ამიროვსა და საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვს განაჩენს გამოუტანს.
პროკურორები 46 წლის ამიროვისთვის და 41 წლის ომაროვისთვის 55-წლიან პატიმრობას ითხოვენ. ამიროვის ადვოკატები მაქსიმუმ 13-წლიან სასჯელს ითხოვენ, ომაროვის ადვოკატები კი 10-წლიანს.
მიმდინარე წლის მარტში, ისინი დამნაშავედ ცნეს 2022 წელს მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში.
მანამდე, ალინეჯადის საქმის პროკურორები აცხადებდნენ, რომ ირანელი ქალებისთვის თავსაბურავის სავალდებულო ტარების საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყების გამო ალინეჯადის მკვლელობა ირანის მთავრობამ დააფინანსა.
პროკურორების მტკიცებით, ირანმა წლების განმავლობაში ალინეჯადის დაშინება და გაჩუმება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის 2021 წელს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობით, რის შედეგადაც ირანის დაზვერვის 4 თანამშრომელი დააკავეს.
აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, გატაცების მცდელობის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტის მკვლელობაზე 500 000 დოლარის გასამრჯელო გამოაცხადეს.
ცნობისთვის, ალინეჟადმა ირანი 2009 წელს დატოვა და Voice of America-სთვის მუშაობდა.
2024 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვი ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა. ის აშშ-ს ხელისუფლებას პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტში 21 თებერვლის დილას გადასცეს. ომაროვი ჩეხეთში 2023 წლის იანვარში დააკავეს. ის აშშ-ს მას შემდეგ გადასცეს, რაც ჩეხეთში ეჭვმიტანილს ბრალდების გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა ამოეწურა.
ნიუ-იორკის ფედერალური ბრალდების მიხედვით, ომაროვი და მისი სამი თანამზრახველი ე.წ. კანონიერი ქურდები იყვნენ. ამავე ცნობით, ამ ე.წ. კანონიერ ქურდებს კავშირი ჰქონდათ ირანთან და დავალებული ჰქონდათ მოეკლათ ირანული წარმოშობის ამერიკელი აქტივისტი, მასიჰ ალინეჯადი.
თავდაპირველად, 2021 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ მართული პირები მასიჰ ალინეჯადის გატაცებასა და მკვლელობას აპირებდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი ედებოდა 5 პირს, აქედან 4, რომლებიც ირანის სპეცსამსახურების მიერ მართულ პირებად არიან ნახსენები, ზემოხსენებული ადამიანები არიან. მეხუთე პირი კი უშუალოდ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.





