ქარიშხალი მელისა

იამაიკაში ქარიშხალი მელისას გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

იამაიკაში მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერებული ქარიშხალი მელისას გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, "უკიდურესად საშიში ქარიშხლის" შედეგად შესაძლოა 1.5 მილიონამდე ადამიანი დაზარალდეს.

აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი მელისა იამაიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. პიკის დროს მისმა სიჩქარემ 298 კმ/სთ-ს მიაღწია, რაც უფრო ძლიერია ვიდრე ქარიშხალი კატრინა, რომელმაც 2005 წელს ნიუ ორლეანში 1 392 ადამიანი იმსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სასმელი წყლის მომარაგებისა და სადრენაჟო სისტემების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მანამდე, იამაიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 3 და დაზიანების 13 შემთხვევა დაადასტურა.

იამაიკის შემდეგ, ქარიშხალი მელისას სიძლიერემ კუბაზე მესამე კატეგორიას მიაღწია. ხელისუფლებამ 735 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ძლიერ წყალდიდობებსა და მეწყრებს გამოიწვევს.

კომენტარები