NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობას ამცირებს - რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ზოგიერთ ქვეყანაში თავისი სამხედროების რაოდენობას ამცირებს.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოსთეანუმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "აშშ-ის სამხედროების სრულ გამოყვანას" არ ნიშნავს და ბულგარეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და რუმინეთს შეეხება.

"თითოეულ ქვეყანას საკუთარი სტრატეგია აქვს და ამერიკელმა მოკავშირეებმა წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ ისინი უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე კონცენტრაციას აპირებდნენ" - უთხრა მოსთეანუმ ჟურნალისტებს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, შემცირება რუმინეთის შავ ზღვაზე მდებარე მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე განლაგებულ ძალებს შეეხება. მოსთეანუს თქმით, რუმინეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა, რომელიც დაახლოებით 1 200-დან 1 600-მდე მერყეობდა, რამდენიმე ასეულით შემცირდება.

Bloomberg წერს, რომ ამ განცხადებაზე დაუყოვნებელი რეაქცია აშშ-ს, სლოვაკეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის მხრიდან არ მოჰყოლია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად აშშ-ს ევროპაში დაახლოებით 80 000 სამხედრო ჰყავს და რეგიონის ბევრ ლიდერი ელის, რომ ჯო ბაიდენის მმართველობისას გაზრდილი დაახლოებით 20 000-იანი კონტინგენტი დიდწილად შემცირდება.

ნატოს ერთ-ერთი წარმომადგენლი გამოცემას უყვება, რომ აშშ-ს სამხედრო პოზიციის ცვლილებები უჩვეულო არ არის. მისი თქმით, ამ ბოლო ცვლილებების შემდეგაც კი, აშშ-ს ევროპაში ბევრად მეტი ძალა ჰყავს, ვიდრე 2022 წლამდე.

მოსთეანუს განცხადებით, რუმინეთი გააგრძელებს საკუთარი თავდაცვის სისტემაში ინვესტიციების ზრდას და შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად თავისი სამხედრო მზაობის გაძლიერებას. მისი თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 3,500 უცხოელი სამხედრო დარჩება.

კომენტარები