სომხეთი

გიუმრის მერს ახალი ბრალდება წარუდგინეს

გიუმრის მერი ვარდან გუკასიანი
RBC

სომხეთში, ქალაქ გიუმრის მერს, ვარდან გუკასიანს ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმის მოწოდება ედება ბრალად.

ადვოკატების თქმით საქმე პოლიტიკურია და მსგავსი მოწოდება გუკასიანს არ გაუკეთებია. 

"მან გამოთქვა აზრი სხვა ქვეყანასთან კავშირის შესახებ, რომელსაც სომხეთის სუვერენიტეტზე უარის თქმის მოწოდების კვალიფიკაცია მისცეს". – წერია ადვოკატების განცხადებაში.

მიმდინარე წლის სექტემბერში გუკასიანმა რუსეთთან კავშირის აუცილებლობაზე ილაპარაკა:

"არ ვამბობ, რომ უნდა გავხდეთ პიატიგორსკისა ან ულიანოვსკის ოლქი. ვამბობ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ უნდა შექმნას კავშირი (რუსეთთან), საკუთარი კანონმდებლობით, ეროვნული კრებით, მთავრობით, პრეზიდენტით და ყველაფერი დანარჩენით".

20 ოქტომბერს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 

დაკავების სპეცოპერაციამ ხმაურით ჩაიარა. სამართალდამცავებს ხელს უშლიდნენ მერიის თანამშრომლები და პოლიტიკოსის მხარდამჭერები. პოლიციას 100-ზე მეტი თანამშრომლის მობილიზება მოუწია.

21 ოქტომბერს სასამართლომ გუკასიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

პრორუსული განწყობებით ცნობილი გუკასიანი გიუმრის მერად მიმდინარე წლის აპრილში აირჩიეს. 

გიუმრი სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქია, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსული ჯარის საკვანძო ობიექტია.

კომენტარები