4 ოქტომბერი გამარჯვების დღე უნდა ყოფილიყო - ასე გვპირდებოდნენ ისინი, ვინც რეჟიმის შეცვლას მშვიდობიანი დამხობით აპირებდა და ისინი, ვინც მის დამარცხებას დედაქალაქის გამოგლეჯვით გეგმავდა. 4 ოქტომბრის საღამოსვე გაირკვა, რომ ქალაქიცა და ძალაუფლებაც ივანიშვილის ხელში რჩებოდა. მართალი აღმოვჩნდით ყველა, ვისაც არც ერთის გვჯეროდა და არც მეორის.
ბუნებრივია, საპროტესტო მოძრაობას ომი არ წაუგია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მან ტაქტიკური მარცხი იწვნია.
ეს სტატია იმის შესახებ არის, როგორ მოვედით აქამდე და როგორ ვაგრძელებთ გზას.
მას მერე, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ხელი აიღო საქართველოს ისტორიული მისიის შესრულებაზე, უარი თქვა ევროინტეგრაციაზე და ხელი მიჰყო ქვეყნის გარუსებას, საქართველოში მრავალათასიანმა პროტესტმა იფეთქა. პროტესტს ივანიშვილმა სისასტიკე და უსამართლობა დაუპირისპირა. მიუხედავად ამისა, თვეების განმავლობაში ქართული საზოგადოება საკუთარ პროტესტს მშვიდობიანად, არაძალადობრივად და უწყვეტად გამოხატავდა.
ამ პროტესტს თავისი დიდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის მიუხედავად, ქუჩაში გატარებულმა ასეულობით დღემ მაინც შეგვახსენა, რომ პროტესტზე პატრიოტები, მაგრამ მაინც ადამიანები დგანან. მოგეხსენებათ, ადამიანები იღლებიან, იმედებს იძენენ და კარგავენ. ზოგჯერ კი, პოლიტიკურ ავდარში, განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან მათ მიმართ, ვინც სასურველს პირდება და არა რეალურს.
ჩვენი აქტივისტების ნაწილსაც იგივე დაემართა და ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მეინსტრიმულ ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევა უპასუხისმგებლო სუბიექტების გამო ვერ მოხერხდა. ორმა მსხვილმა პარტიამ ამომრჩევლის მკაფიო ნებას გადაუხვია და არჩევნებში შესვლა გადაწყვიტა, რამაც პოლიტიკური კლასის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა.
ეკლესია კი უპატრონო არასდროს რჩება.
სივრცე სწრაფადვე შეავსეს პოლიტიკურმა ფიგურებმა, ძირითადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც დემონსტრანტებს დაჰპირდნენ, რომ ოთხში დაიწყებდნენ და ოთხშივე დაასრულებდნენ ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიან ავტოკრატიას.
ასე გათენდა 4 ოქტომბერი.
არჩევნები ვერ შედგა
მიუხედავად არჩევნების ბოიკოტში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მრავალგზის გაფრთხილებისა, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ყალბი პროცესი იყო და მასში მონაწილეობა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას ემსახურებოდა, ლელომ და გახარიამ საქართველოსთვის (გერმანიიდან) ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ არჩევნების ბოიკოტი თავცხელი ბაბლის ახირება იყო, თავად კი ფართო საზოგადოების ხმას მისდევდნენ.
ფართო საზოგადოებამ მათ ცესკოს სპიკერის პირით უპასუხა, რომლის წარმოთქმული რიცხვებიც ცხადყოფდა, რომ ქართველები არჩევნებზე ისტორიული ანტირეკორდით გამოცხადდნენ.
ცხადი იყო, რომ ამ ორ პარტიას პროტესტის წარმატების აღარ სჯეროდა, მათი სურვილი ოპოზიციის ლიდერობა გახლდათ და არა ქვეყნის გამოგლეჯვა. ამ მიზნის მისაღწევად, რესურსებით მდიდარ ლელოს და მის უმცროს პარტნიორ გახარიას წინა არჩევნებზე მიღებული 9%-იანი შედეგი მინიმუმ უნდა გაეუმჯობესებინათ. ამისთვის მათ ჰქონდათ ფულიც და უსასრულო საეთერო დროც.
მეორე მხრივ, ქართულ ოცნებას სურდა, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა საერთო რაოდენობა იგივე ყოფილიყო, რაც 2024 წელს - 1.1 მილიონი. ამასთან, მათ სჭირდებოდათ, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგები ეღიარებინათ, შესაბამისად, ის კონკურენტულად გამოეცხადებინათ და მათთვის მიგდებული საკრებულოს სავარძლები დაეკავებინათ.
ლელომ და გახარიამ რეჟიმს ის სიამოვნება მიანიჭეს, რაზეც უარი საარჩევნო რიცხვებმა უთხრეს.
ახლა ამ რიცხვების შესახებ:
ცესკოს თანახმად, რეკორდულად დაბალი აქტივობის მუნიციპალურ არჩევნებზე, სადაც 1,438,000 ადამიანი გამოცხადდა, რეკორდულად მაღალი იყო ბათილი ბიულეტინების რაოდენობა, რაც თითქმის ასი ათასს აღწევდა. ქართულმა ოცნებამ ოცნება აისრულა და წინა წლის საარჩევნო შედეგი გაიმეორა, რაც ხმების 82% აღმოჩნდა. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მმართველობის მე-13 წელს მისი რეიტინგის გაორმაგება ლოგიკური მოვლენაა. საკვირველი უფრო ის არის, 100%-ს რატომ ვერ გადასცდა.
ლელომ და გახარიას პარტიამ ცესკოს დაწერილ რიცხვებს ნდობა დილიდანვე გამოუცხადეს. პარტიების სპიკერები ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდნენ თუ რაოდენ მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობა და როგორ ახლოს იყვნენ რეჟიმის საარჩევნო მარცხთან. საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ციხიდან გამოშვებული ლელოს ლიდერების გეგმა ჩავარდა, მათ საკუთარი ამომრჩევლის ⅔ დაკარგეს, ხოლო თბილისში საკრებულოს ბარიერი გახარიას პარტიამ საერთოდ ვერ გადალახა.
ერთადერთი, რაც ამ პარტიებმა სწორად დათვალეს, არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩევლის არწასვლის მაჩვენებელი იყო, რომელიც მათ მიერ არჩევნებამდე დაკვეთილი კვლევის თანახმად 80%-ს აჭარბებდა. სოციოლოგიასა და მამუკა ხაზარაძის ახირებას შორის გადაწყვიტეს, რომ ამ უკანასკნელისთვის დაეჯერებინათ, რაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოციოლოგიის გამარჯვებით დასრულდა. ცესკოს რიცხვების თანახმად, 2024 წელთან შედარებით ოპოზიციური ამომრჩევლის 81% არჩევნებზე არ წავიდა.
თავიანთ შეცდომაში გაჯიუტებულებმა და ცოტა სასოწარკვეთილებმა, საკუთარი ელექტორალური კოლაფსი ბოიკოტს შეერთებულ პარტიებს დააბრალეს, ხოლო საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაექცნენ.
თუმცა, როგორც თემურ ქეცბაიამ ოდესღაც ძალიან კარგად თქვა: ამ პარტიებს “ახლა უნდათ, აქედანაც იმასგვიქნან და იქიდანაც იმასგვიქნან”, მაგრამ ფაქტები და რიცხვები არ ტყუიან - ოპოზიციურმა ამომრჩეველმა მათი გადაწყვეტილება და ეს ყალბი არჩევნები უარყო.
არჩევნების გაყალბება
ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე თავის თავსაც აჯობა და ელექტორალური შედეგი ისეთ ოლქებშიც კი გაიუმჯობესა წინა წელთან შედარებით, სადაც მას ოპოზიციიდან კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ, რამხელა იყო არჩევნების გაყალბების მასშტაბი მათი ხმების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ლელოს მიერ გაყალბების სქემების აღმოსაჩენად შესყიდული 3,000 ვიდეო კამერა, როგორც ჩანს, კედლისკენ იყო შეტრიალებული.
ამ არჩევნებში კახა კალაძის პოლიტიკური მზეც ჩაესვენა. მან და მისმა პარტიამ თბილისში ფაქტობრივად თანაბარი ოდენობის ხმები მიიღეს, მაშინ როდესაც, წინა წლებში მისი რეიტინგი პარტიისას საგრძნობლად აჭარბებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალაძის პოლიტიკური მნიშვნელობა მის პარტიაშიც და საკუთრივ თბილისშიც ძალიან დაკნინდა.
ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში გამარჯვება არავინ მიულოცა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის - მარია ზახაროვას გარდა.
საბოლოოდ, ოცნებამ ამ არჩევნებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ვერც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია აღიდგინა და ვერც საერთაშორისო იზოლაცია გაარღვია.
ცხადი გახდა, რომ მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ამ ყალბ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მიიღო და როგორც ერთ ჩემს თანაპარტიელს ახმეტაში ოცნების ადგილობრივმა ჩინოვნიკმა შესჩივლა: “ოცნებამ ცალკარა ითამაშა”.
მშვიდობიანი დამხობა:
4 ოქტომბრის პოლიტიკური მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა ამ დღეს მშვიდობიანი რევოლუციისა და ივანიშვილის რეჟიმის დასრულების დაპირებამაც, რომლის ავტორიც მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ.
როგორც დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე საერთო ნაცნობის დაკრძალვაზე მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა მითხრა - “ის პოლიტიკური ქვესკნელიდან წამოდგა და წელში გაიმართა, იმიტომ, რომ ხალხს იმედი გაუჩინა”. ხაბეიშვილი მართლაც პოლიტიკურ ქვესკნელში იმყოფებოდა, თუმცა ივლისის თვიდან ის უეცრად მოგვევლინა ქართული ოცნების შიდა კულუარული ამბების კარგი მცოდნეს იმიჯით.
ისეთი ხალხი აღფრთოვანდა “ხაბეთი”, რომელთა პოლიტიკურ გემოვნებაში ის არც ესთეტიკურად და არც ინტელექტუალურად არ ჯდებოდა. მშვიდობიანი დამხობის მოლოდინი გააძლიერა მიხელ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების აქტიურად ჩართვამ ამ დღის მოსამზადებელ კამპანიაშიც. საბოლოოდ, ნაციონალური მოძრაობა ე.წ “რვა პარტიის პლატფორმიდან” გავიდა და პარტიის პოლიტსაბჭომ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ოფიციალური მხარდაჭერაც გამოაცხადა.
ერთ დღეში ივანიშვილის რეჟიმის დამხობის დაპირების მიმართ სკეპფისის გამოხატვა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამ თემას სხვებზე თავდასხმისთვისაც იყენებდნენ და პარტიულ კაპიტალიზაციას ცდილობდნენ. ყველას, ვინც ეჭვს გამოთქვამდა ამ დღის შესახებ, ორგანიზატორები და ნაცმოძრაობის ლიდერები პოლიტიკანებს, გაყიდულებს და მუხტის ჩამქრობებს უწოდებდნენ.
4 ოქტომბრის რევოლუციას დამაჯერებლობა შესძინა იმ ჭორებმაც, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები: ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური და, მეორეს მხრივ, გავლენიანი კანონიერი ქურდები: ტარიელ ონიანი, მერაბ ჯანგველაძე და სხვები, თურმე ბიძინა ივანიშვილზე შურისძიებისთვის ემზადებოდნენ და ამას 4 ოქტომბრის რევოლუციის მხარდაჭერით აპირებდნენ.
მართალია, ეს ინფორმაცია ასე პირდაპირ არავის დაუდასტურებია, თუმცა ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას ორგანიზატორები მრავლისმეტყველი დუმილითა და სანდომიანი ჩაცინებით პასუხობდნენ, რაც ჭორებს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა. პაატა ბურჭულაძე იმასაც კი ამბობდა, რომ ყველაფერი აუცილებლად 4 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო და მანამდე ქუჩაში ზედმეტი აქტიურობა სასურველიც კი არ იყო.
ამასობაში, 4 ოქტომბრამდე სამი კვირით ადრე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, რამაც გააძლიერა განცდა, რომ 4 ოქტომბერს რაღაც მართლაც ხდებოდა და რეჟიმს ამის ძალიან ეშინოდა. მშვიდობიანი დამხობის სხვა ორგანიზატორებმა გააგრძელეს ამ დღის აქტიური კამპანია და ხაბეიშვილის დაკავებას მათ სტრატეგიაში ძირეული ცვლილება არ შეუტანია.
ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ მუხტის ასაწევად 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე ორგანიზატორები რაიმე ფარულ, სკანდალურ ჩანაწერს გამოაქვეყნებდნენ და ამით ხალხის მობიზილაციას და საპროტესტო მუხტის აწევას შეუწყობდნენ ხელს. უნდა ვაღიარო, რომ ამის მოლოდინი რაღაც მომენტში მეც კი გამიჩნდა, იმ დაშვებით, რომ თუკი მართლა არსებობდა გეგმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მაშინ მსგავსი ჩანაწერის გასაჯაროება ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, სამი ოქტომბრის საღამოც სრულ სიჩუმესა და სიწყნარეში რომ მიილია, გასაგები გახდა, რომ არც ქართულ ოცნებას ორგანიზატორებზე და არც ორგანიზატორებს ქართულ ოცნებაზე წამლად ერთი კომპრომატიც კი არ ჰქონდა მოპოვებული. არცა შიოლა ყოფილა.
ოთხ ოქტომბერს აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციაზე ვიყავით ის პარტიებიც, რომლებიც 4 ოქტომბრის რევოლუციას სკეპტიკურად ვუყურებდით, თუმცა, ამ დღეს ხალხს არჩევნებზე წასვლის ნაცვლად რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოვუწოდებდით.
აქცია 4 საათზე დაიწყო. უკვე საღამოს 6 საათს გადასცდა და ორგანიზატორების გეგმა ჯერ კიდევ არავინ იცოდა. არადა, მთელი კამპანიის ინტრიგა ის იყო, რომ გეგმას აქციაზე გავიგებდით. ცოტა ხანში სცენაზე პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა, რომელმაც დეკლარაცია წაიკითხა, რითაც ის ხელისუფლებას ხალხს უბრუნებდა, აცხადებდა ძალაუფლების გადაცემისთვის გარდამავალ პერიოდს და შს მინისტრს მოუწოდებდა 6 პირის: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, თეა წულუკიანის, ანზორ ჩუბინიძის, ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა მდინარაძის დაპატიმრებას.
ამის აღსასრულებლად სცენაზე მალევე მურთაზ ზოდელავა გამოჩნდა, რომელმაც აქციაზე მყოფ “მამაკაცურ ძალას” მოუწოდა, ორბელიანის რეზიდენციისკენ დაძრულიყვნენ და პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩაებარებინათ. მხარდამჭერებთან ერთად თავადაც ამ მიმართულებით გაემართა.
აქციაზე მყოფთა უმრავლესობისთვის ზემოთაღწერილი სურათი მსუბუქად რომ ვთქვათ, სერიოზულობის განცდას არ ტოვებდა. ვინც აქციაზე ეს სიტყვები მოისმინა, ამაში დამეთანხმება. ხალხი კვლავ ელოდა, რომ ეს რაღაც დიდი პროცესის დასაწყისი უნდა ყოფილიყო და ის, რასაც ვხედავდით და რაც გვესმოდა, უბრალოდ ყურადღების გადასატანი ფანდი იყო. ამის დასტური ისიც იყო, რომ მრავალათასიანი აქციიდან ორბელიანის მიმართულებით მხოლოდ უმცირესი ნაწილი დაიძრა.
ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის მცირე შეტაკება მოხდა. მნიშვნელოვნად არავინ დაზიანებულა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. მითუმეტეს, რევოლუცია. ამის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მდგარი სცენა სასულიერო პირებმა დაიკავეს, რომლებმაც სულიერ ბრძოლაზე ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ ხორციელი ბრძოლის გეგმა არსად ჩანდა.
მალევე სცენაზე კვლავ მურთაზ ზოდელავა დაბრუნდა, რომელმაც კვლავ “მამაკაცურ ძალას” ქართული ოცნების ოფისისკენ წასვლისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას ფაქტობრივად არავინ გაჰყვა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს სპეცრაზმელების დასაბნევად გაჟღერებული ფანდი იყო. თუმცა, მე თუ მკითხავთ, არავინ იყო იმაზე მეტად დაბნეული, ვიდრე აქციაზე მყოფი ხალხი, რომელიც გაურკვევლობით და ინტერესით შეპყრობილი კვლავ ელოდა მისტიკური გეგმის გამოცხადებას.
ქართული ოცნების ძალოვნებმა, რომელთაც რეჟიმის ექვსი წარმომადგენელი უნდა შეეპყროთ, მათ ნაცვლად აქციის ხუთი ორგანიზატორი დააკავეს. ხოლო შემდეგ დღეებში, კიდევ 57 მომიტინგე მისცეს პასუხისგებაში რევოლუციის მოწყობის ბრალდებით. რევოლუციის, რომელიც არ მომხდარა. მათ შორის იყო ჩემი ნათელმირონი და უახლოესი ადამიანიც. მშვიდობიანი რევოლუციის სხვა მედროშეებმა, რომლებიც ამ დღის მნიშვნელობასა და გრანდიოზული, მაგრამ საიდუმლო გეგმის არსებობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, უეცრად განაცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ გეგმის შესახებ და არც აქციის ორგანიზებაში ყოფილან ჩართული. ზოგიერთმა ეს მამლის ყივილამდე მოასწრო, ზოგიერთმა ვერა.
ქართული ოცნების მოლაპარაკე, მაგრამ ცარიელი თავები ბევრს ეცადნენ რუსთაველის საპროტესტო აქციის დისკრედიტაციას, ოპოზიციური პარტიების გაშავებასა და აქციის ყველა მონაწილისთვის მოძალადის იარლიყის მიწებებას, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ არაფერი საერთო იმ აქციას რევოლუციის მოწყობასთან არ ჰქონდა.
რეჟიმმა ტრადიციულად ძალასაც გადაამეტა და თეატრალიზებული სპეცოეპრაციებით აყვანილი ზოგიერთი (ახალი) პოლიტიკური პატიმრის გირაოთი გათავისუფლებაც მოუწია, რომელთა გირაოს თანხაც თავის მხრივ ზუსტად იმდენ წუთში შეგროვდა, რამდენი ათასი ლარიც იყო გადასახდელი გირაოს სახით.
საბოლოოდ, ამ დღემ ვერც დაპირებული მშვიდობიანი დამხობა მოგვიტანა და ვერც რეჟიმს მისცა პროტესტის სრული დისკრედიტაციის შესაძლებლობა. ამ სტატიის წერის პროცესში რეჟიმმა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონი იმდენად გაამკაცრა, რომ აქციაზე ნიღბის ტარება, გზის გადაკეტვა ან პოლიციისთვის ნებისმიერი დაუმორჩილებლობა პატიმრობით დასჯადი გახადა. ცხადია, ეს იმის დასტურია, რომ ოთხმა ოქტომბერმა რეჟიმს ის არ მისცა, რაც ძალიან სურდა - პროტესტი რუსთაველიდან ვერ გააქრო.
რა უნდა ვქნათ ახლა?
ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, ვინმეს რთულად მოეჩვენოს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ამ წერილის ბოლოში გავიდა, მაგრამ პასუხი ძველი და მარტივია: მარათონი უნდა გაგრძელდეს.
ჩვენი საპროტესტო მარათონი სამართლიანი და ეფექტიანია, მას მოჰქონდა და მოაქვს შედეგი. მართლები არიან ისინი, ვინც შეგვახსენებენ, რომ ზოგჯერ გამარჯვება მოდის არა ეპიკური ბრძოლებით, არამედ მუხლჩაუხრელი შრომით. რუსთაველზე მესამასრაღაცა დღეს გასვლა სამსახურში სიარულს ჰგავს. ერთი ადამიანისთვის კი ძალიან რთული შეიძლება იყოს ორ, ან სამ სამსახურში ერთდროულად სიარული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ უკანასკნელში რეჟიმის პროპაგანდის მტკიცებათა მიუხედავად, ფულს არავინ გიხდის და ამავე მტკიცებათა მიუხედავად, სხვა სამსახურიც გაქვს - მაგრამ სწორედ ამ ნებისყოფასა და ნების სიმტკიცეს შეუძლია ის, რაც არ შეუძლია სასურველის რეალობად გამოცხადებას: რეჟიმის მშვიდობიანი, უსისხლო და არაძალადობრივი ჩამოშლა.
აქ გზას მოკლედ ვერ მოჭრი. იმიტომ, რომ მოკლეზე უფსკრულია.
სიტყვა მშვიდობიანი და არაძალადობრივი ზოგიერთი ყურისთვის ალბათ მართლაც რბილად ჟღერს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ანგარიშზეა დამარცხებული იმპერიები და გათავისუფლებული მილიონები.
ყოველდღიური შრომა და ბრძოლა ქვეყნის შიგნით და გარეთ აცოცხლებს იმ ნაკვერჩხალს, რომელიც თავის მომენტს ელოდება. ეს სწორად დაინახა ყველამ, ვისაც ქვეყნის ბედი პარტიის ინტერესებზე ან ავანტურიზმზე არ გაუცვლია.
ამ ბრძოლაში გარანტირებული არაფერია. არ არსებობს ბედის ისეთი წიგნი, სადაც წერია, რომ ისტორიის ამ მომენტში თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ყველა სახელმძღვანელო და ისტორია გვასწავლის, რომ იქ, სადაც თავისუფლებას ითხოვენ, ნაბიჯებს ჭკუით დგამენ და ნების სიმტკიცეს ბზარი არ ეპარება, მიზანს აღწევენ.
მე არ ვიცი და არავინ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, არ იცის და არც ამტკიცებს როდის, როგორ, რა ფორმით, რომელ რიცხვსა და საათზე, კერძოდ ვისი ხელით ჩამოიქცევა რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ ვდგავართ არა იმიტომ, რომ ასე გვეხალისება, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ ძალგვიძს.
ჩვენი მთავარი იარაღი ივანიშვილთან ბრძოლაში ჩვენი სინდისი, თანმიმდევრულობა, სიტყვის ერთგულება და მორალური უპირატესობაა, რომელიც დარწმუნებულს გაააქტიურებს და პასიურს დაარწმუნებს. და კი, ეს იარაღია. თან ეფექტიანი.




