სომხეთი

მირზოიანის თქმით, სომხეთის მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი
Sputnik Armenia

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შესაძლოა, მომდევნო თვეს, ან მომდევნო წელს შეიტანოს, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთის ოფიციალურ პოლიტიკას წარმოადგენს. 

"ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ამას [ევროკავშირში გაწევრიანებას] გვავალდებულებს. სომხეთის მთავრობა განიხილავს ასეთ პოლიტიკას და ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, თუ როდის შევიტანთ განაცხადს. შესაძლოა, ეს შემდეგ თვეს მოხდეს, ან შეიძლება შემდეგ წელს. მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა." - თქვა მან ინტერვიუში.

მირზოიანმა ასევე აღნიშნა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანამდე და შემდეგ ევროკავშირის პასუხისთვის ლოდინის ნაცვლად სომხეთმა უკვე დაიწყო ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავება.

ამასობაში, ოფიციალური განაცხადისა და ევროკავშირის პასუხისთვის ლოდინის ნაცვლად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის და ჩვენ უკვე დავიწყეთ ვიზების გამარტივების პროცესი. მჯერა, რომ ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ასევე მოლაპარაკებებს ვმართავთ ახალ დოკუმენტებზე და დავასრულეთ მუშაობა ახალი პარტნიორობის პროგრამაზეც." - დაამატა სომხეთის საგარეო მინისტრმა. 

კომენტარები