სამოქალაქო აქტივისტები, ნადიმ ხმალაძე და კახა კვეკვესკირი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. მათი თქმით, ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
გამოკითხვის შემდეგ, ნადიმ ხმალაძემ თქვა, რომ კითხვები 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს.
"გაუთქმელობას მოვაწერე ხელი და დეტალებში ვერ შევალ [...] კითხვები იყო ზოგადი, 4 ოქტომბერზე. ამის იქით არაფერი [...] 4 ოქტომბერს აქციის ჩვეულებრივი, რიგითი მონაწილე ვიყავი, როგორც ყველა [...] ალბათ, ამ გამოკითხვებით ხალხის დათრგუნვა ან დაშინება უნდათ". - თქვა ხმალაძემ.
კომენტარი გააკეთა კახა კვეკვესკირმაც.
"გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი. საქმის დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. ერთს ვიტყვი, რომ 4 ოქტომბრის თემასთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს, თვითონაც ნახეს [...] მოწმედ არ გამოვდგები, რადგან არაფერში არ ვყოფილვარ, არანაირი დაგეგმვაში, არაფერი ვიცი". - თქვა კვეკვესკირმა.





