არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს ქართული ოცნების მიერ ინიციირებული მთელი რიგი ახალი რეპრესიული კანონების შესახებ.
ორგანიზაციების შეფასებით, რეჟიმი ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ინიცირებული ცვლილებებით, რეჟიმი მოქალაქეებს ემურება, რომ "თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ".
"ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში". - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:
- პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
- საქართველოს ევროპული ორბიტა (Georgia's European Orbit )
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Civic Movement for Freedom
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი (Civil Solidarity Fund)
- Partnership for Human Rights. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (Democratic development union of Georgia)
- საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- უფლებები საქართველო (Rights Georgia)
- ყვარლის ევროკლუბის (EuroClub Kvareli)
- დემოკრატიის მცველები (Democracy Defenders)
- Მწვანე ალტერნატივა
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)
- საფარი (Sapari)
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (Georgian Foundation for Strategic and International Studies)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
13 ოქტომბერს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ აინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკვეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
ამასთან ერთად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს ისეთ მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება.
ასევე ცვლილებებით, 1 წლამდე პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეუარცხყოფას ან არ დაემორჩილება მის განკარგულებას.
კირცხალიას თქმით, "ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებას 1 წლამდე ვადით. ხოლო, მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით."





