გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილმა ქემოკლიძის არსებობის შესახებ სიუჟეტიდან გაიგო - ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილმა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, დაკავებული გიორგი ქემოკლიძის არსებობა საერთოდ არ იცოდა და მის შესახებ მხოლოდ ტელევიზორიდან გაიგო.

"გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსურდულია. უფრო მეტიც, მან დაკავებული პირის სახელი და გვარი სიუჟეტიდან შეიტყო და მანამდე ამ ადამიანის არსებობის შესახებ არც იცოდა [...]

ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ვიდეოჩანაწერების ამოღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო - დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები წაშლილია [...] ინციდენტამდე, 11 ივნისამდე ბაჩიაშვილი, დაახლოებით, 1 კვირა საკანში მარტო იმყოფებოდა. შესაბამისად, ეს ის უტყუარი ფაქტია, რაც დადგენილი და დადასტურებულია". - თქვა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

9 ოქტომბერს სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა. 

უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლეს, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".  

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

ცნობისთვის, 21 აგვისტოს  N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.

7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები