4 ოქტომბერი

ადვოკატი: კირვალიძე თავად ჩაბარდა წუხელ პოლიციას

ბორის ჩელე ყურუა
პუბლიკა

4 ოქტომრის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძის ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას თქმით, კირვალიძე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.

"თავად ჩაბარდა წუხელ პოლიციას, თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში... ამ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ, რაც მთავარია, ეს ადამიანი თავისი ნებით მივიდა. [...]

როცა ნახა ინიციალები და როცა იცოდა, რომ აქციაზე იყო, მივიდა და კითხა მე ხომ არ მეძებთო, ეს არის ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე. ეს არ არის იმ ადამიანის საქციელი, როგორსაც ახასიათებენ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ხალხს, ვისაც უნდა, რომ აქ რაღაც ტერორისტული აქტები მოაწყოს, პირიქით ამგვარი ადამიანების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს მადლობელი." - თქვა ბორის ჩელე ყურუამ ტვ პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში გიორგი კირვალიძე დააკავა. გიორგი კირვალიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის, მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე 225-ე მუხლის , მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოგვიანებით GAMA-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "გიორგი კირვალიძე აღარ ირიცხება GAMA-ს მებრძოლად 2025 წლის იანვრიდან და ამ დროიდან მოყოლებული არანაირი პროფესიული ან სხვა სახის კავშირი არ გააჩნია ორგანიზაციასთან.

ასევე გვინდა დავაზუსტოთ, რომ GAMA-ს მებრძოლები ორგანიზაციის კონტრაქტორები არიან და არა თანამშრომლები. ისინი სრულწლოვანი პირები არიან, რომელთა სამოქალაქო და პირადი გადაწყვეტილებები სრულიად დამოუკიდებელია GAMA-ს საქმიანობისგან."

კომენტარები