რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტუმასიანის ცნობით, სომხეთში დაკავებული გიორგი კინოიანი თავისუფალია

8 სექტემბერს სომხეთში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დაკავებული გიორგი კინოიანი თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი ტუმასიანი ავრცელებს.

"გიორგი კინოიანი თავისუფალია! სომხეთმა მის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან "ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა".

დიდი მადლობა სომხეთის ხელისუფლებას და გამორჩეულ უფლებადამცველებს, Helsinki Citizens’ Assembly-Vanadzor-ს, Artur Sakunts-ს და Ani Chatinyan-ს.

მოველით, რომ იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული სომხეთში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული მეორე ქართველის, ვანო საბაშვილის შეხვევაშიც". - წერს ტუმასიანი.

პუბლიკას ცნობით, კინოიანის უფლებადამცველმა, ანი ჩატინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის 36-დღიანი პატიმრობის შემდეგ არარეპატრიაციის პრინციპის გამოყენების შედეგად გაათავისუფლეს.

"გიორგი კინოიანი თავისუფალია!

ეს იყო უჩვეულო ბრძოლა. უჩვეულო იმ მხრივ, რომ საქართველოს მოქალაქე კინოიანი იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ.

HELSINKI CITYZENS’ ASSEMBLY-მ გადადგა ყველა შესაძლო ნაბიჯი და მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს". - წერს, პუბლიკას ინფორმაციით, ჩიტინიანი.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 ოქტომბერს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს, გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებდა:

"სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კინოიანს დაუსწრებლად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა". 

რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, გიორგი კინოიანი უკრაინაში 2022 წლის მარტში გაემგზავრა და ქართული ლეგიონის რიგებში ჩაეწერა.

დაუსწრებლად ძებნილად  გამოცხადება, დაკავება, გასამართლება და განაჩენის გამოტანა რუსეთში მიღებული პრაქტიკაა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული რეალურად დაკავებული არ არის და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში იმყოფება.

ამის შემდეგ, 2025 წლის 8 სექტემბერს გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს, რა დროსაც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავების შესახებ სომხეთში საქართველოს საელჩოს კინოიანის ოჯახის წევრებმა შეატყობინეს.

საგარეო უწყება აღნიშნავდა, რომ კინოიანის დაკავების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან საელჩოს არ მიუღია.

კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა.

კომენტარები