გამოცემა New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ვენესუელასთან შეთანხმების მიღწევის მიზნით დიპლომატიური ძალისხმევა, რასაც შესაძლოა, ქვეყანაში აშშ-ს მხრიდან ნარკომოვაჭრეების ან მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ პოტენციური სამხედრო ესკალაცია მოჰყვეს.
ამ დრომდე ნიკოლას მადუროსთან და სხვა ვენესუელელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი აწარმოებდა, თუმცა, 2 ოქტომბერს სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის დროს ტრამპმა გრენელს დაურეკა და დაავალა, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი დიპლომატიური ძალისხმევა, მათ შორის, მადუროსთან მოლაპარაკებებიც.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილო დარჩა მადუროს მხრიდან აშშ-ს მოთხოვნების შეუსრულებლობით, რაც ძალაუფლების საკუთარი ნებით დათმობას გულისხმობს. ამასთან, ტრამპი გაბრაზებულია ვენესუელელი ოფიციალური პირების დაჟინებული მტკიცებით, რომ ისინი ნარკოტრეფიკინში არანაირ როლს არ ასრულებენ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე გეგმა შეადგინა სამხედრო ესკალაციისთვის. მათ შორისაა გეგმები, რომ მადუროს ძალაუფლების დათმობა აიძულონ.
New York Times წყაროებზე დაყრდნობით 29 სექტემბერს წერდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩევლებმა გააძლიერეს მცდელობები, რათა ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობაში დაარწმუნონ.
მაღალჩინოსნების თქმით, ამ ძალისხმევას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. NYT-ის ცნობით, რუბიო ამბობს, რომ მადურო არალეგიტიმური ლიდერია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ექსპორტს ზედამხედველობს, რაც რუბიოს აზრით, აშშ-სთვის "მყისიერ საფრთხეს" წარმოადგენს.
NYT-თან საუბრისას მაღალჩინოსნებმა ასევე დაამატეს, რომ რუბიოს მიდგომას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი და ტრამპის მთავარი მრჩეველი შინაგან საქმეთა საკითხებში, სტივენ მილერიც ემხრობიან.
მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, ვენესუელამ განაცხადა, რომ ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს ხუთი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შენიშნეს. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინომ ინციდენტს აშშ-ს მხრიდან "პროვოკაცია" უწოდა, რაც მისი თქმით, ვენესუელის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
"ეს საბრძოლო თვითმფრინავებია. საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის ვენესუელის სანაპიროსთან მოახლოებაც ამერიკულმა იმპერიალიზმმა გაბედა," თქვა პადრინომ.
ვენესუელის მთავრობის მიხედვით, ამერიკული თვითმფრინავი ქვეყნის სანაპირო ხაზიდან 75 კილომეტრის დაშორებით შენიშნეს.
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.
ხოლო გამოცემა Axios ჯერ კიდევ 18 იანვარს წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს. გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობდა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან".





