რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეფასებით, 1939 წელს პოლონეთის მიერ ნაცისტური გერმანიის ულტიმატუმზე უარის თქმა შეცდომა იყო. 1939 წლის 29 აგვისტოს ადოლფ ჰიტლერი პოლონეთისგან ქალაქი გდანსკის დათმობას, მიმდებარე, სადერეფნო ტერიტორიაზე კი პლებისციტის ჩატარებას ითხოვდა. ულტიმატუმი 16 პუნქტს მოიცავდა. მასზე უარის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიამ პოლონეთზე თავდასხმა დაიწყო.
პუტინი ამ შეფასებით გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის სიტყვებს, რომ ის ბელვედერის სასახლეში სეირნობის დროს მარშალი პილსუდკის აჩრდილს "ელაპარაკება" ხოლმე. იოზეფ პილსუდსკი1918-1920 წლებში პოლონეთის ხელისუფლების მეთაური, 1920 წლიდან კი მთავარსარდალი იყო.
"პილსუდსკი რუსეთის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. მე მგონია, მისი მეთაურობისას და მისი იდეებით ხელმძღვანელობის დროს პოლონეთმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა მეორე მსოფლიო ომის წინ. გერმანიამ ხომ შესთავაზა მშვიდობიანად გადაეჭრათ დანციგისა და დანციგის დერეფნის საკითხი. პოლონეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა და საბოლოო ჯამში ნაცისტური აგრესიის პირველი მსხვერპლი გახდა." - თქვა პუტინმა.
ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, საბჭოთა კავშირი გერმანიის წინააღმდეგ ჩეხოსლოვაკიის დახმარებას აპირებდა, თუმცა ამის უფლება პოლონეთმა არ მისცა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პილსუდსკისთან "საუბარი" სასარგებლო იქნება, თუ პოლონეთის ლიდერები წარსულის "შეცდომებს" გაითვალისწინებენ.
"დიახ, ჩვენ ერთმანეთს პრაქტიკულად ყოველ დღე ველაპარაკებით. მრავალი საკითხია. ერთიმხრივ 1920 წლის პოლონეთ-საბჭოთა ომი. ასევე საერთაშორისო სიტუაცია რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ და საფრთხეები, რომლებიც მისგან მოდის. ხშირად ვსაუბრობთ პარლამენტზე." - ხუმრობით თქვა ნავროცკიმ გასულ დღეებში მიცემულ ინტერვიუში.





