ადგილობრივი არჩევნები 2025

კუპრაძე: თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერებს დავამონტაჟებთ

პარტია ლელო ძლიერი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე "მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს" დაამონტაჟებენ, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ ამხილონ და აღკვეთონ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ დავუშვით რიგი შეცდომები და მათი გამოსწორება მნიშვნელოვანია, რათა ქართული ოცნება ვამხილოთ თავის დანაშაულებრივ პოლიტიკასა და ნაბიჯებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საარჩევნო უბნებზე ხორციელდებოდეს მაქსიმალური კონტროლი, მონიტორინგი და დავიჭიროთ ოცნება იმ დანაშაულებზე რასაც ჩადის საარჩევნო უბნებზე. 2024 წლის არჩევნებზე, რომელიც გაყალბდა და ჩვენ, ლელო ძლიერმა საქართველომ დავთმეთ მანდატები და ჩავხსენით საპარლამენტო სიები, მას შემდეგ ყოველდღიურად ვმუშაობთ საარჩევნო პროცესის უკეთეს დაკვირვებაზე და იმაზე, რომ დაცული იყოს თითოეული თქვენგანის ხმები. [...]

ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს, რომელიც დამონტაჟდება თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან.

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ ვიდეოკამერების ფარგლებში, დავაკვირდეთ სრულიად საარჩევნო პროცესს, ჩავიწეროთ საარჩევნო პროცესი და აღმოვაჩინოთ ყველა ის მძიმე დანაშაულებრივი დარღვევა, რისი მცდელობაც ყოველთვის ექნება "ქართულ ოცნებას".

თითოეული პირი, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან აქვს დავალება, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გაყალბებაში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი აუცილებლად იქნებიან იდენტიფიცირებულები და მათ მოუწევთ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის პასუხისგება იმ მთავარი დანაშაულისთვის, რაც არის საქართველოს და თბილისის მოქალაქეებისთვის მომავლის წართმევა და არჩევნების გაყალბება.

ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება, დანარჩენი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ყველა შანსი რუსული რეჟიმის და ივანიშვილის წინააღმდეგ". - თქვა კუპრაძემ.

კომენტარები